შსს-ს წარმომადგენლებმა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია მე-60 სკოლის მოსწავლეებს გააცნეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას. ახალგაზრდა თაობის უკეთ ინფორმირების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრა თბილისის მე-60 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გაიმართა.
ახალგაზრდებს შსს-ს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სპეციალურად შექმნილი ერთობლივი სპეციალური სამუშაო ჯგუფის წევრები: უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი იოსებ კურცხალია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ეკა კენჭაძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის კოორდინატორი, ფსიქოლოგი თამარ ისაკაძე და არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის“ იურისტი მანანა ფურცხვანიძე კამპანიის შესახებ ესაუბრნენ.
ოჯახში ძალადობის სხვა საკითხებთან ერთად მოსწავლეები გაეცნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით კანონში შესულ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც მოხდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, ოჯახში ძალადობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
შეხვედრაზე მოსწავლეებს კამპანიის ფარგლებში შექმნილი სოციალური რგოლები უჩვენეს, რომელთა მიზანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: „112“ ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“ 25 ნოემბერს დაიწყო. კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა.
კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების მეშვეობით მოხდება საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან.
საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გრძელდება თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, სხვადასხვა საშუალო სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში.