თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი“ იწყება

2 დეკემბერს, 16:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, 2014 წლის თბილისის მოყვარულ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი“ გაიხსნება.
მე-3 ფესტივალი 9 დღეს გასტანს და ყოველი დღე დაეთმობა მასში მონაწილე უნივერსიტეტებს: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი (ბიზნესსკოლა), ქუთაისის ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თურქეთის სტუდენტური დასი, ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უკრაინის სტუდენტური დასი და აზიური გუნდი.
ფესტივალში მონაწილე სხვადასხვა დასის მიერ წარმოდგენილ სპექტაკლებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს. მის მიერ გამოვლინდება გამარჯვებული 10 ნომინაციაში. ჟიურის წევრები არიან: რეჟისორი გოგი თოდაძე, რეჟისორი გოჩა კაპანაძე, რუსთაველის თეატრის მსახიობი ია სუხიტაშვილი, თავისუფალი თეატრის მსახიობი კახა მიქიაშვილი, მსახიობი ნანული სარაჯიშვილი, თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე. ფესტივალში მონაწილეობს საქართველოს, უკრაინისა და თურქეთის სტუდენტური დასები.
ფესტივალის საზეიმო დახუვა და დაჯილდოვება „თი-ბი-სი გალერეაში“, 10 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიმართება. აიპ „მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაცია“ დაარსდა 2012 წელს. ასოციაციამ, პირველად საქართველოში, დააფუძნა მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ფესტივალი „ნიღაბი“. ეს არის ყოველწლიური ფესტივალი, სადაც სხვადასხვა უნივერსიტეტის თეატრალური დასები წარადგენენ მათ მიერ დადგმულ სპექტაკლებს. ფესტივალის მთავარი მიზანია უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის კომუნიკაცია, გამოცდილების გაზიარება და მომავალში პროფესიული და შემოქმედებითი ურთიერთობების ჩამოყალიბება, შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოება, ხელოვნების პროპაგანდა და სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები