ფოტოგამოფენა – „გამოდი! ძალა არა ძალადობაშია!“
8 დეკემბერს 19 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართება ფოტო გამოფენა-აქცია სახელწოდებით: „გამოდი! ძალა არა ძალადობაშია!“
საქართველოში ბოლო დროს გახშირებული ძალადობის ფაქტების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო მასშტაბური სოციალური კამპანია სახელწოდებით: „არა ძალადობას!“
საქართველოს მასშტაბით წარმოებულ კამპანიას ეხმიანება და მასში საავტორო პროექტით მონაწილეობს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ძალადობის თემაზე გადაღებული 20-მდე შავ-თეთრი ფოტო. სპეციალურად გამოფენისთვის დამზადდა ვიდეოინსტალაცია და აუდიოჩანაწერები, რომლებიც ორიგინალური ფორმით მიეწოდება დამთვალიერებელს.
მოზარდმაყურებელთა თეატრის პროექტში მონაწილეობს 26 მსახიობი, მათ შორის საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები: ვახტანგ ჩაჩანიძე, კოტე თოლორდავა, მაია ხორნაული, პავლე ნოზაძე, თამარ ტყემალაძე, ბერტა ხაფავა და სხვა. საგულისხმოა, რომ აღნიშნულმა პროექტმა მოზარდმაყურებელთა თეატრის სხვადასხვა თაობის არტისტები გააერთიანა.
პროექტის ავტორი თათია პაქსაშვილია, სცენარის ავტორი რეჟისორი გოგა ქაჩიბაია, ფოტო ირაკლი გედენიძეს ეკუთვნის.
პროექტის პარტნიორია: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, „ფოტოსამყარო“. პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: საზოგადოებრივი რადიო, „რადიო1“, „არ დაიდარდო“, „ფორტუნა“, 1 არხი, „ სამოქალაქო პრესა“ .