მოლდოვაში ევროპული არჩევანის მომხრეები იმარჯვებენ
მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აფასებენ. ქვეყნის მოსახლეობა არჩევანს პროევროპულ და პრორუსულ პარტიებს შორის აკეთებს. წინასწარი შედეგებით, ევროპული არჩევანის მომხრეები იმარჯვებენ, – წერს „ბი-ბი-სი“. ბიულეტენების 85 %-ის დამუშავების შედეგად 3 ევროპული პარტია 54 მანდატზე აცხადებს პრეტენზიას. საერთო ჯამში კი, პარლამენტში 101 ადგილია.
დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ბევრი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ შექმნიან კოალიციას პროევროპული პარტიები.
„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ლიდერობას პრორუსული „სოციალისტური პარტია“ 21,53 %-ით ინარჩუნებს. მეორე ადგილზე „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიაა“. მას 19, 27% აქვს, მესამეზე კი „კომუნისტური პარტია“, სათავეში მოლდოვას ექსპრეზიდენტით – 17, 85%-ით გადადის.
ერთპალატიან პარლამენტში ადგილების მისაღებად პოლიტიკურმა პარტიებმა 6%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ, 2 პარტიისგან შემდგარმა საარჩევნო ბლოკმა – 9 %-იანი ბარიერი, დამოუკიდებელმა კანდიდატებმა კი – 2 %-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.
ხელისუფლების დათვლებით, აქტივობამ 55,86% შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნები მოლდოვაში 30 ნოემბერს ჩატარდა.