„ნოვოროსიაში“ დე ფაქტო აფხაზეთის ბანკები გაიხსნება

„ნოვოროსიის“ ტერიტორიაზე დე ფაქტო აფხაზეთის ბანკების ფილიალები გაიხსნება, – ამის შესახებ რუსული პრესა იუწყება. გაზეთ „იზვესტიას“ ცნობით, „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში“ „უცხოურ ბანკებთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. დე ფაქტო აფხაზეთის ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებს ჯერჯერობით არაოფიციალური ხასიათი აქვს.
თავად „დონეცკის რესპუბლიკის“ წარმომადგენლების თქმით კი, შეთანხმებები უმაღლეს დონეზეა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.
„დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან“ ნამდვილად მოვიდა წინადადება. მაგრამ ეს არაოფიციალური შემოთავაზება იყო, ის აფხაზეთის ბანკის ფოსტამ მიიღო და რატომღაც წერილის ასლი კიდევ რამდენიმე კომერციულ ბანკს გაეგზავნა. მსგავს შემოთავაზებებს სერიოზულად არ განვიხილავთ. მაგრამ არაოფიციალურად, რა თქმა უნდა, ვიმსჯელეთ და იმ დასკვნამდე მივედით, რომ ჯერჯერობით აფხაზურ ბანკებს საზღვარგარეთ მუშაობის საშუალება არ აქვთ. იმისთვის, რომ ეს საკითხი ოფიციალურად განვიხილოთ, ჩვენი ბანკისგან საზღვარგარეთ მუშაობის კონკრეტული განაცხადი გვჭირდება, მაგრამ ასეთი განაცხადი ჯერ არ მოსულა“, – განაცხადა დე ფაქტო აფხაზეთის ეროვნული ბანკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ემა ტანიამ. შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით დე ფაქტო აფხაზეთში, საერთო ჯამში, 8 ბანკი ფუნქციონირებს: „სუხუმ-ბანკი“, „გარანტ-ბანკი“, „გაგრა-ბანკი“, „განვითარების შავი ზღვის ბანკი“, „აფხაზეთის სბერბანკი“, „უნივერსალ-ბანკი“, „კიბიტ-ბანკი“ და „ამრა-ბანკი“. დე ფაქტო აფხაზეთში მოქმედი ვალუტა კი – რუსული რუბლია. „იმისთვის, რომ ნოვოროსიაში ფილიალი გაიხსნას, საჭიროა თანამშრომლების შტატი. ჯერჯერობით ამ გადაწყვეტილებას მიზანშეწონილად არ ვთვლი“, – განაცხადა „განვითარების შავი ზღვის ბანკის“ მმართველობის თავმჯდომარემ ადგურ ხურხუმალმა. ცნობისთვის, შესაძლებელია, ნოვოროსიაში რუსეთის ბანკებიც ამოქმედდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები