გიორგი ბადაშვილი – ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ თითოეული ჩვენგანი უნდა გავერთიანდეთ
საქართველოს პროკურატურამ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. უწყებამ საკუთარი ხედვა დღეს, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გამართულ კონფერენციაზე გაასაჯაროვა.
კონფერენცია მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა გახსნა.
“ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა სამართალდამცავ უწყებასთან ერთად გაერთიანდნენ სხვა სახელმწიფო უწყებები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო სექტორი, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, რამეთუ ოჯახური დანაშაულის პრევენცია და მასთან ბრძოლა არ არის დამოკიდებული მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების ეფექტურ მუშაობაზე. თითოეული ჩვენგანი უნდა გავერთიანდეთ ამის წინააღმდეგ”, – აცხადებს ბადაშვილი.
მისივე განმარტებით, ოჯახური დანაშაული საზოგადოების, სამართალდამცავი ორგანოების, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, საერთაშორიო და არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარ გამოწვევად იქცა.
“ხშირად ისმის მოსაზრებები ამ დანაშაულის გამომწვევი მიზეზების შესახებ. საზოგადოების ნაწილი ოჯახური ძალადობის მთავარ მიზეზად წარმოაჩენს სამართალდამცავი ორგანოების არაეფექტურ მუშაობას, ხოლო მეორე ნაწილი პრევენციული ღონისძიების აქტიურად გამოყენების და საზოგადოებრივი ცნობიერების დონის ამაღლების აუცილებლობაზე საუბრობს. მინდა აღვნიშნო, რომ ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ მყარად არის ფესვგადგმული აზრი იმის შესახებ, რომ ოჯახური კონფლიქტი ოჯახში უნდა დარჩეს, ოჯახში უნდა მოგვარდეს, არ უნდა გასცდეს მის ფარგლებს და მიუღებელია ამგვარ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიმართვა. ეს ცალსახად არის არასწორი მოსაზრება და დამოკიდებულება კონკრეტული პრობლემის მიმართ. ჩვენი მიზანია საზოგადოების ამგვარი ცნობიერების შეცვლა. ამ მიზნით ჩვენთან ერთად თითოეულმა თქვენგანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა-განხორციელებაში”, – განაცხადა გიორგი ბადაშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, მთავარი პროკურორის აზრით, მოძალადეთა მიმართ მხოლოდ სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრება არ იქნება პრობლემის მოგვარების საუკეთესო გამოსავალი.
ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულის ფარგლებში პროკურატურა შესაბამის სამუშაოებს სხვადასხვა რეგიონში ახორციელებდა.