დღეს შიდსთან ბრძოლის დღეა
შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 15:00 საათზე „ექსპო-ჯორჯიაში“, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი, შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის ფარგლებში, ერთობლივად ატარებს შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას სლოგანით: „0 აივ ინფექციის ახალი შემთხვევა, 0 შიდსით გამოწვეული სიკვდილობის შემთხვევა 0 აივ – ასოცირებული დისკრიმინაცია“.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრები, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს (CCM), დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის და ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, ასევე, გაეროს შიდსის თემატური ჯგუფის, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები და დარგის ექსპერტები დაესწრებიან.
1 დეკემბერს შიდსის მსოფლიო დღის აღნიშვნის ტრადიცია სათავეს გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან იღებს. 1988 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შიდსის პროგრამის მიერ ეს დღე ოფიციალურად გამოცხადდა შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღედ. დღეისთვის მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება ამ დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება, რითაც აივ- ინფიცირებულთა თემი, მთავრობები და არასამთავრობო სექტორი ცდილობს საზოგადოებას შიდსის პრობლემის აქტუალობის და ამ მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების გაფართოების აუცილებლობის შესახებ შეახსენოს.
2013 წლის მონაცემებით, მსოფლიოში აივ-ინფიცირებულთა სავარაუდო რიცხვმა 35 მილიონს გადააჭარბა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 36 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.