კიევში რადიკალებმა ისევ ცეცხლი გახსნეს
კიევში დაპირისპირება განახლდა. რადიკალურმა ნაციონალისტურმა ორგანიზაცია „მარჯვენა სექტორმა“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება არ შეასრულა. როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დიმიტრი იაროში აცხადებს, მის დაჯგუფებას შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია, ამიტომ ვალდებული არაა რაიმე გაითვალისწინოს და სიმშვიდე უზრუნველყოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ცეცხლის გახსნის შესახებ იუწყება უკრაინის შს სამინისტროც. სამინისტროს ინფორმაციით, რადიკალები შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ძალების თანამშრომლებს ესვრიან.
რამდენიმე წუთის წინ უკრაინის ერთ-ერთმა ტელეარხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გენპროკურორი პშონკა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ზახარჩენკო გარბიან კიევიდან. როგორც მედია იტყობინება, დედაქალაქში ყალიბდება თავდაცვის სახალხო რაზმები, რომლებშიც ერთიანდებიან უბნების მიხედვით და აკონტროლებენ ე.წ. “ტიტუშკების” მოძრაობას.
მაიდანზე კი კვლავ ხალხმრალობაა, სხვადახვა კონფესიების წარმომადგენლები ლოცულობენ დაღუპულთა სულებისთვის.