თამარ ბერუჩაშვილი: ჩვენი ამოცანაა, პრობლემების გადასაწყვეტად მშვიდობიანი გზით ვიმუშაოთ

ჩვენი ამოცანაა, მხოლოდ მშვიდობიანი გზით, პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური და სრულფასოვანი ჩართულობით ვიმუშაოთ ამ პრობლემების გადასაწყვეტად, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, საგარეო პოლიტიკა, ქართული დიპლომატია მობილიზებულია, რათა რუსეთ-აფხაზეთს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულების დასაგმობად მოვიპოვოთ მაქსიმალური მხარდაჭერა.
“საგარეო პოლიტიკა, ქართული დიპლომატია მობილიზიებულია, რომ მაქსიმალურად მოვიპოვოთ შესაბამისი მხარდაჭერა, გამოვიყენოთ ამ მხარდაჭერის მოსაპოვებლად ყველა ფორმატი, რაც შეიძლება ხმამაღლა ვისაუბროთ ბოლოდროინდელ მოვლენებზე, ქვეყანაში და რეგიონში არსებულ საფრთხეებზე, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით. ხაზს ვუსვამ, ჩვენი ამოცანაა, მხოლოდ მშვიდობიანი გზით, პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური და სრულფასოვანი ჩართულობით ვიმუშაოთ ამ პრობლემების გადასაწყვეტად”, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, პრაქტიკულად არ არის დარჩენილი არც ერთი პარტნიორი ქვეყანა, თუ ორგანიზაცია, რომელსაც აღნიშნული ე.წ. ხელშეკრულება არ შეეფასებინოს, როგორც უკანონო, რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის კუთხით საფრთხის შემცველი.
“დღევანდელი დღე ვენაში დაიწყო ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას გამოსვლით, რომელიც გუშინ სპეციალური მისიით გაემგზავრა, რათა გამოიყენოს ეს ფორმატი ჩვენი პოზიციის დასაფიქსირებლად. გუშინ გამოსვლა ჰქონდა ჩვენს ელჩს ევროპის საბჭოს მინისტრების მოადგილეების კომიტეტზე. ამ გამოსვლამ მოიპოვა ძალიან სერიოზული მხარდაჭერა. პრაქტიკულად, არ დარჩენილა არც ერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, თუ ორგანიზაცია, რომელმაც არ დაგმო რუსეთის ეს ქმედება და არ შეაფასა მისი ნაბიჯი, როგორც სერიოზული საფრთხე რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის განვითარების მიმართულებით. ქართული სახელმწიფოს პოზიციაა, გამოიყენოს ყველა საშუალება და მხოლოდ მშვიდობიანი გზით იმუშაოს ამ საკითხის დარეგულირებისთვის. პროცესი არის რთული, ხანგრძლივი, საჭიროებს დიდ მოთმინებას, გონიერებას და, ამასთან ერთად, გაათმაგებულ დიალოგს საერთაშორისო თანამეგობრობასთან”, – აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები