შსს-ის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა

    საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური, სასაზღვრო პოლიციის უფროსი, პოლკოვნიკი ზურაბ გამეზარდაშვილი და სასაზღვრო პოლიციის სხვა წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრნენ. ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. შს სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია საქართველოს დელეგაციის წევრებისათვის აშშ-ის სანაპირო დაცვის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემის, კერძოდ, სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებების ტექნიკური მომსახურების დაგეგმარების და მათი ტექნიკური მზადყოფნის შენარჩუნების პროცესების გაცნობა.
ვიზიტის ფარგლებში, 24 თებერვალს სანაპირო დაცვის ბალტიმორის ბაზაზე, წყალზედა ძალების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ცენტრში (SFCL) პირველი შეხვედრა გაიმართება, სადაც ქართული დელეგაციის წევრები მცირე ზომის კატარღების წარმოების პროცესს გაეცნობიან. 26 თებერვალს სანაპირო დაცვის ბოსტონის ბაზაზე, სანაპირო დაცვის საზღვაო-საინჟინრო დეპარტამენტში სარემონტო მომსახურების დაგეგმვის თემაზე ბრიფინგი ჩატარდება. 27 თებერვალს კი მაიამის ბაზაზე, წყალზედა ძალების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ცენტრში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება.
დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში 28 თებერვალს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები