ტრამპმა იმ სატელევიზიო არხების ლიცენზიების გაუქმება მოითხოვა, რომლებიც მას და რესპუბლიკელებს აკრიტიკებენ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმ სატელევიზიო არხების ლიცენზიების გაუქმება მოითხოვა, რომლებიც მას, რესპუბლიკურ პარტიას და მოძრაობა „Make America Great Again“-ს (MAGA) აკრიტიკებენ.
„თუ სატელევიზიო ახალი ამბები და მათი საღამოს გადაცემები თითქმის 100%-ით ნეგატიურია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, MAGA-სა და რესპუბლიკური პარტიის მიმართ, განა არ უნდა ჩამოერთვას მათ ძალიან ღირებული მაუწყებლობის ლიცენზიები? მე ვამბობ, რომ კი!“ – დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში Truth Social.
გასულ თვეში აშშ-ის პრეზიდენტმა NBC-ს ღამის თოქ-შოუს წამყვანის, სეთ მეიერსის გათავისუფლება მოითხოვა, რომელმაც ნოემბერში ეთერში განაცხადა, რომ აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე არაპოპულარულია.
სექტემბერში, Disney-ის საკუთრებაში არსებულმა ABC-მ განაცხადა, რომ წამყვან ჯიმი კიმელს განუსაზღვრელი ვადით შეუჩერდა გადაცემებში მონაწილეობის უფლება, მას შემდეგ, რაც მან ხუმრობით ისაუბრა ტრამპის რეაქციაზე კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის გარდაცვალებაზე.
თეთრი სახლი მიესალმა გადაწყვეტილებას და შოუმენს „ავადმყოფურად გარყვნილი“ უწოდა, თავად ტრამპმა კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეს ამერიკისთვის შესანიშნავი ამბავი იყო და დასძინა, რომ კიმელს ნიჭი აკლდა.
არაერთმა ცნობილმა ფიგურამ, მათ შორის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, გააპროტესტა გადაწყვეტილება და ტრამპის ადმინისტრაცია მედიაზე ზეწოლაში დაადანაშაულა. Disney-მ მოგვიანებით გამოაცხადა კიმელის შოუს განახლება. ნოემბერში ტრამპმა კვლავ მოითხოვა კიმელის ეთერიდან მოხსნა.
მედიის თავისუფლების დამცველი ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ ხელისუფლების კრიტიკის გამო მაუწყებლობის ლიცენზიების შესაძლო გაუქმება ეწინააღმდეგება აშშ-ის კონსტიტუციით დაცულ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს, მაშინ როდესაც ტრამპის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ საკითხი მედიის პასუხისმგებლობას ეხება და არა ცენზურას.