მეღვინეობის დარგის ხელშეწყობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი მეღვინეობის დარგის წარმომადგენლებს შეხვდა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი ოფიციალურად წარუდგინა. შეხვედრას ასოციაციის ,,ქართული ღვინო“ აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი და ასოციაციის წევრი კომპანიების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეობის პერიოდში მისი ხელმძღვანელობით დაწყებულ პროექტებზე, მათ შორის ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა მეღვინეობის დარგის წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ 2013-2014 წლებში წარმატებით განხორციელებული რთველი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის აქტიური თანამშრომლობის შედეგია.
,,სახელმწიფოს მხრიდან მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ხელშეწყობა მომავალშიც გაგრძელდება. დღეს დარგი სულ სხვა გამოწვევების წინაშე დგას, ვიდრე ეს ორი წლის წინ იყო. აქედან გამომდინარე, მოგვიწევს კიდევ უფრო მეტი და აქტიური მუშაობა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე აღნიშნა, ღვინის ეროვნული სააგენტოს ახალი თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი იმ გუნდის წევრია, რომელმაც დარგის განვითარების სტრატეგია შეიმუშავა და აქტიურად იყო ჩართული ყველა პროექტის განხორციელებაში.
სააგენტო გააგრძელებს იმ კურსს, რაც მევენახეობა-მეღვინეობის დარგის და ღვინის ინდუსტრიის განვითარებას, ასევე მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის აღიარებას შეუწყობს ხელს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა შეხვედრაზე 2015 წელს დაგეგმილ პროექტებზე და სააგენტოს პრიორიტეტებზე ისაუბრა. გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა, რომ ახალი წლიდან მეღვინეობის დარგის წარმომადგენლებთან ინტენსიური დიალოგი გაიმართება, რათა 2015 წლის რთველი კიდევ უფრო ორგანიზებულად ჩატარდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები