თეა წულუკიანი ჩეხეთის იუსტიციის მინისტრს ჰელენა ვალკოვას შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის იუსტიციის მინისტრს ჰელენა ვალკოვას და შინაგან საქმეთა მინისტრს მილან ხოვანეცს შეხვდა.
თეა წულუკიანი პრაღაში ბრიუსელიდან გაემგზავრა, სადაც ის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მუშაობაში მონაწილეობდა.
19 ნოემბერს თეა წულუკიანმა ინტერვიუ მისცა „რადიო თავისუფლების“ ქართულ რედაქციას, ხოლო საღამოს ევროპულ სახლში ქართველი მინისტრის მონაწილეობით დისკუსია გაიმართა, რომლის თემაც საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები იყო.
„მრგვალ მაგიდას“ ჩეხეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სამეცნიერო-საგანმანათლებლო წრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დისკუსიის დასასრულს თეა წულუკიანმა შეკითხვებს უპასუხა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ჩეხ კოლეგასთან შეხვედრისას თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ჩვენთვის ძალზე ფასეულია ჩეხეთის მიერ დაგროვილი გამოცდილების გაზიარება, კერძოდ, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების თვალსაზრისით. მინისტრმა ჩეხ კოლეგას, ასევე, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ, რაც ამჟამად უმთავრესი გამოწვევაა ქართული სახელმწიფოსათვის.
„მთავარი იარაღი რუსეთიდან მომავალი საფრთხის წინაშე ჩვენს ქვეყანაში ინსტიტუციური დემოკრატიის განვითარებაა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა ჰელენა ვალკოვამ განაცხადა, რომ საქართველო ამჟამად გადის ჩეხეთის მიერ უკვე განვლილ გზას, რათა საბოლოოდ დაიმკვიდროს კუთვნილი ადგილი ევროპულ ოჯახში.
მან დაადასტურა ჩეხეთის მხარდაჭერა საქართველოს ძალისხმევის მიმართ და ქართველ კოლეგას რეფორმებში თანადგომა აღუთქვა.
„თქვენ მიზნად ისახავთ ევროპაში ადგილის დამკვიდრებას, რომლის კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს საქართველო“, – თქვა მან.
მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ჩეხეთის იუსტიციის სამინისტრო დაეხმარება საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების სფეროში და შედგება თანამშრომლობა ჩეხეთის იუსტიციის აკადემიასა და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს, ჩეხი ექსპერტების მონაწილეობით მოამზადოს შესაბამისი სპეციალიზაციის მქონე იურისტები, მათ შორის, პროკურორები, ადვოკატები და მოსამართლეები. ჩეხეთის შსს მინისტრთან შეხვედრაზე განსახილველ თემებს წარმოადგენდა საზღვრის მართვა, უსაფრთხო დოკუმენტები და ვიზალიბერალიზაციის მეორე ფაზა, ნარკოტიკების უწყებათშორისი საბჭოსა და მიგრაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობა საქართველოში, რომლებსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ძალიან მალე ქართველი და ჩეხი სამართალდამცველები აქტიურ თანამშრომლობას დაიწყებენ, რასაც მისი საქართველოში ვიზიტი ჩაუყრის საფუძველს. მან, ასევე, მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები