სასჯელაღსრულების მინისტრი აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის პროკურატურის განვითარების, დახმარებისა და სწავლების ოფისის დირექტორს, ფეიე ერენშტამს შეხვდა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე პრობაციის სისტემის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და სასჯელაღსრულების ეროვნული ინსტიტუტის ფუნქციონირების საკითხები განიხილეს.
გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, მართლმსაჯულების სისტემაში მნიშვნელოვანი გარდაქმნები განხორციელდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია არასრულწლოვანთა კოდექსი, რომლის მიღებაც მიმდინარე წლის ბოლომდეა დაგეგმილი.
„კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებზე, როგორც განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფზე ზრუნვა და მათი რეაბილიტაციის გაძლიერება ქართული მართლმსაჯულების პრიორიტეტია“, – აღნიშნა მინისტრმა.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პენიტენციური სისტემის სამომავლო გეგმებზეც. კერძოდ, სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირების საკითხზე, უსაფრთხოების სტანდარტის ამაღლებასა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის გაძლიერებაზე. გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ყოველდღიური მუშაობა მიმდინარეობს, რათა სისტემაში დაცული იყოს ბალანსი მართლმსაჯულების ორ ძირითად კომპონენტს: სასჯელის მოხდასა და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას შორის.
„ჩვენი ამოცანაა, პირველი კომპონენტის დასუსტების გარეშე, გავაძლიეროთ სარეაბილიტაციო პროგრამები, რათა საქართველოში ჩამოყალიბდეს ადამიანის უფლებების დაცვაზე დამყარებული თანამედროვე სასჯელაღსრულების სისტემა“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
ფეიე ერენშტამმა ამერიკული მხარის მზაობა გამოხატა, რომ აღნიშნული მიმართულებით არსებული გამოცდილება საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის წარმომადგენლებს გაუზიარონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები