კოტე კუბლაშვილი: ე.წ. გასაღების სასამართლოსთვის გადაცემა მიზანშეწონილი არ იქნება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ. გასაღების სასამართლოსთვის გადაცემა მიზანშეწონილი არ იქნება. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში სასამართლო გამოდის როგორც ბრძანების გამცემი, შემდგომ ამ ბრძანების განმახორციელებელი და შემსრულებელი. “ჩვენ, გუშინ მოსამართლეებმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ძალიან დიდხანს ვიმსჯელეთ და ყველა მათგანი მიიჩნევს, რომ სასამართლოსთვის ასეთი უფლებამოსილების გადაცემა მიზანშეწონილი არ იქნება. სასამართლო გამოდის როგორც ბრძანების გამცემი, შემდგომ ამ ბრძანების განმახორციელებელი და შემსრულებელი. შემდგომ ის ახორციელებს კონტროლს თავისივე ბრძანებაზე, ოღონდ სხვა წესით და სხვა კუთხით, შემდგომ უკვე ამ ბრძანების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების განადგურებას აწარმოებს პროკურორთან ერთად და ამას დამატებული რაც დასაშვები მტკიცებულებაა, საქმის განხილვის დროს განიხილავს. ამ ყველაფრის ერთ ხელში მოყრა ნამდვილად არ შეესაბამება სასამართლოს იმ ფუნქციას რაც მას სინადვილეში აქვს. ჩვენ ვთვლით, რომ ამ ეტაპზე არ იქნება მისაღები ასეთი ფუნქციის სასამართლოსთვის გადაცემა”, – განაცხადა კოტე კუბლაშვილმა. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით რამდენიმე პროექტია მომზადებული. კერძოდ, დეპუტატების ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, შემოდის ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა, რომლიდანაც ერთი გასაღები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, მეორე კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება. რაც შეეხება დეპუტატ ვახტანგ ხმალაძის მიერ მომზადებულ პროექტს, ამ პროექტის თანახმად, ფარული მოსმენების “გასაღები” კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელში გადადის. ე.წ. გასაღების საკითხზე პარლამენტში წარდგენილია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება. არასამთავრობოთა შეთავაზება ასევე ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც, ერთი გასაღები აქვს სასამართლოს, მეორე – ელექტრონულ კომპანიებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები