ირაკლი ღარიბაშვილი – არასამთავრობოების პროექტის ავტორების მიზანია შსს-ს პარალიზება

     პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ე.წ. გასაღების არასამთავრობოების პროექტს და მათ “ნაციონალების” ლობირებაში ადანაშაულებს.
როგორც პრემიერმა ახალციხეში სტუმრობისას ჟურნალისტებს განუცხადა, დემოკრატიული ქვეყნებში აპრობირებულა, რომ “გასაღებს” ფლობს შსს და “ექსპერიმენტების უფლებას არავის მისცემს”.
“ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ქვეყანას, სადაც ორი “გასაღების” პრინციპია, სადაც ერთი გასაღები არის სასამართლოს ხელში, რომელიც არასამთავრობოების მიერ არის შემოთავაზებული და მეორე არის მობილური ოპერატორების ხელში. ეს არის კატასტროფა. ამას მე და ყველა ნორმალური, ჯანსაღი, პატრიოტი, ეროვნულად მოაზროვნე ადამიანი კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ძალიან მარტივად ასახსნელია, რომ ამას გეგმავენ “ნაციონალები”, იყენებენ თავის არასამთავრობოებს და ასე შემდეგ. სახელმწიფოსთან ასეთი მოპყრობა არავის გაუვა. ჩვენ ვართ ძალიან გამჭვირვალე, მოწოდებული ვართ, რომ ვითანამშრომლოთ ყველასთან, მაგრამ პრინციპულად მინდა განვაცხადო, რომ ექსპერიმენტების უფლება არ გვაქვს. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც არის აპრობირებული სხვა ევროპულ, თანამედროვე, ცივილიზებულ სახელმწიფოში. არ ვიცი, რატომ ვართ იმაზე უფრო დემოკრატიული, ვიდრე არის საფრანგეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, ისრაელი ან ამერიკა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული პროექტის ავტორების მიზანია შსს-ს პარალიზება. “ისინი ებრძვიან სახელმწიფო ინსტიტუტებს და ვის ინტერესებშია სახელმწიფო ინსტიტუტებთან ბრძოლა, ეს ძალიან კარგად იცით. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ჩვენი სახელმწიფო გავაძლიეროთ და არა დავასუსტოთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ე.წ. გასაღები მობილურ ოპერატორებში ვერ დარჩება და არ დარჩება. “ამის მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, ვინაიდან პირველ რიგში მობილურმა ოპერატორებმა თავად განაცხადეს, რომ არიან კატეგორიული წინააღმდეგები და მეორე – ამ კომპანიების უკან დგანან უცხო სახელმწიფოები. ეს არის დაუწერელიც და დაწერილი კანონიც – ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო საიდუმლოება არ გადავცეთ უცხო ქვეყანას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაული. გვრჩება მეორე ვარიანტი – რაც დემოკრატიულ სამყაროში აპრობირებულია, რომ “გასაღები” შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში უნდა იყოს, ოღონდ მას უნდა დავუწესოთ ეფექტური მონიტორინგი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ეს ვარიანტი შემუშავებულია დეპუტატების – ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის მიერ და ეს არის ოპტიმალური გამოსავალი. “მე მას მხარს ვუჭერ, როგორც კოალიციის ლიდერი და უმრავლესობის თავმჯდომარე და მოვუწოდებ დეპუტატებს, რომ უფრო პასუხისმგებლობით მიუდგნენ ამ საკითხს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები