დავით ლონდარიძე: როგორც მსმენია, ლევან ზაქრაძე აგრესიული იყო და ძალადობდა

 

     2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა დავით ლონდარიძემ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის ლევან ზაქრაძის კაბინეტში ფარულ ვიდეოჩაწერა ხორციელდებოდა, „კვირასგან“ შეიტყო.
საუბარია პორტალის მიერ გამოქვეყნებულ მასალაზე, რომელიც ლევან ზაქრაძის სამუშაო კაბინეტში მასსა და რეზო სახვაძეს შორის გამართული საუბრის ფარულად გაკეთებულ ჩანაწერს ასახავს.
მან ფაქტის შეფასებისას განაცხადა, რომ მას პირადად ზაქრაძესთან შეხება არ ჰქონია, თუმცა სმენია, რომ სამხედრო პირების მიმართ ძალადობდა და აგრესიული იყო.
„ზაქრაძე ფიქტიური უფროსი იყო. რეალურად უფროსი იყო მისი მოადგილე, მეგის ქარდავა. ეს ყველამ იცოდა. ყველაფერი კეთდებოდა ქარდავას მიერ. ქარდავა ახალაიას მარჯვენა ხელი იყო. ქარდავას კაბინეტში დამონტაჟებული იყო ჩამწერი აპარატურა. მეც გადამიღეს ვიდეო და მაშანტაჟებდნენ, რომ გაავრცელებდნენ. კამერაშივე მანახეს გადაღებული მასალა, როგორ მექცეოდნენ ქარდავას კაბინეტში და მაგით მაშანტაჟებდნენ. ზაქრაძესთან შეხება არ მქონია. როგორც ვიცი და მსმენია, სხვებზე ძალადობდა და აგრესიული იყო, მაგრამ არ დამინახავს“, – განაცხადა ლონდარიძემ.
სკანდალური ვიდეოჩანაწერი, რომელიც პორტალ „კვირას“ ხელში ჩაუვარდა, სავარაუდოდ, 2008 წლით თარიღდება და ის სამხედრო პოლიციის იმჟამინდელი უფროსის, ლევან ზაქრაძის სამუშაო კაბინეტშია გაკეთებული. მაშინ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი იყო. ფარული კამერით გადაღებულ 30 -წუთიან ჩანაწერში  ვიცე-პოლკოვნიკ რევაზ სახვაძესთან ზაქრაძის საკმაოდ დაძაბული საუბარია აღბეჭდილი. ამ საუბრიდან რამდენიმე დღეში სახმელეთო ჯარების ჰაერსაწინააღმდეგო სამსახურის ყოფილი უფროსი, სახვაძე დააკავეს. ის 500 ათასი ლარის გაფლანგვაში დაადანაშაულეს, თაღლითობის მუხლით გაასამართლეს და 15 წელი მიუსაჯეს. თუმცა, სახვაძემ მხოლოდ 4 წელი მოიხადა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მას ამნისტია შეეხო და გაათავისუფლეს. რაც შეეხება ლევან ზაქრაძეს, ის ფიგურირებს 2011 წელს სამხედრო პოლიციის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ოთხი პირის – სერგო თეთრაძის, დავით ლონდარიძის, სერგეი ჩაპლიგინის და გია გორელაშვილის საქმეში.
ცნობილია, რომ 3 წლის წინ, 17 სექტემბერს თეთრაძის სახლში 12-მდე სამხედრო პოლიციელს შორის, რომლებმაც სახლი სასამართლოს დადგენილების გარეშე გაჩხრიკეს, ლევან ზაქრაძეც იმყოფებოდა.
მოგვიანებით, ლევან ზაქრაძე სერგო თეთრაძის საქმეზე მხოლოდ მოწმის სახით დაიკითხა. ის ერთ-ერთი იმ პირთაგანი იყო, რომლის დასჯას თეთრაძის ოჯახი კატეგორიულად მოითხოვდა.
არჩევნების შემდეგ, მინისტრმა ალასანიამ თეთრაძის საქმის მასალების გაცნობის შემდეგ კადრების განკარგულებაში, მართლაც, გადაიყვანა რამდენიმე მაღალჩინოსანი, მათ შორის – ლევან ზაქრაძე, ლევან გაბუნია, ზაზა მჭედლიძე, გიორგი ხევსურიანი და სხვები, თუმცა მოგვიანებით მათი ნაწილი თავდაცვის უწყებაში არამცთუ სამსახურებრივ პოზიციებზე დააბრუნა, დააწინაურა კიდეც. ამ ფაქტს თავის დროზე თეთრაძის ოჯახის დიდი პროტესტიც მოჰყვა.

იხილეთ სტატია:  http://kvira.ge/?p=116838

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები