მინდია ჯანელიძე იტალიის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

 

    საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთისა და იტალიის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
რენო სალენსსა და ფედერიკა ფავისთან შეხვედრებზე მინდია ჯანელიძემ თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა. მხარეებმა ურთიერთობის სამომავლო გეგმებიც დასახეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო ასევე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებს.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ნატოს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია. მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნების ჩართულობა არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის გეგმის განხორციელებაში.
„ჩვენი თხოვნა იყო, რომ ამ გეგმის რეალიზების პროცესში მათი ჩართულობა მაქსიმალურად მოხდეს. არსებობს ძალიან კარგი საფუძველი იმისთვის, რომ როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი ურთიერთობის ფორმატში, საფრანგეთთან და იტალიასთან ურთიერთობა განვითარდეს და ახალ საფეხურზე ავიდეს“, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კუთხით და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით მხარდაჭერა გამოხატა იტალიის ელჩმა საქართველოში ფედერიკა ფავიმ:
„მინდა მივულოცო თავდაცვის ახალ მინისტრს საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნა. გამოვხატე იტალიის, ჩვენი საელჩოს და ჩემი მხარდაჭერა მინისტრისადმი, ამ უწყებისადმი და საქართველოს მთავრობისადმი. მიმოვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები.
საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების თემასაც. იტალია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდამჭერია და ყოველთვის აფასებდა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები