„კვირას“ მიერ მოპოვებულმა მასალამ პროკურატურა შესაძლოა, წინა ხელისუფლების პირველი პირების ბრალეულობამდე მიიყვანოს“

„კვირას“ მიერ გამოქვეყნებული ვიდეომასალა პროკურატურის შესწავლას საჭიროებს. თქვენ მიერ მოპოვებულმა მასალამ გამოძიება შესაძლოა, წინა ხელისუფლების თავდაცვის სამინისტროს პირველი პირების ბრალეულობამდე მიიყვანოს“, – აღნიშნული განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ თავმჯდომარემ არჩილ კაიკაციშვილმა „კვირას“ მიერ მოპოვებულ სკანდალურ ვიდეოჩანაწერზე კომენტირებისას გააკეთა.
უფლებადაცველმა საუბრისას თეთრაძის საქმეში წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანთა ჩართულობაზე და მათ ბრალეულობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, თეთრაძის მიმართ ძალადობაში წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანთა მონაწილეობა იკვეთება.
არჩილ კაიკაციშვილის თქმით, აუცილებელია „კვირას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია პროკურატურამ შეისწავლოს და დაადგინოს ვიდეოს ავთენტურობა. კაიკაციშვილმა არ გამორიცხა, რომ საქმის შესწავლამ გამოძიება შესაძლებელია თავდაცვის სამინისტროში წინა ხელისუფლების გადაწყვეტილებების მიმღებ პირველ პირებამდე მიიყვანოს.
„თავდაცვის სამინისტრო არა მარტო ახლა გახდა პრობლემური, წლების მანძილზე ეს სამინისტრო დახურული უწყება იყო და ის გადაცდომები, რომელიც ამ სისტემაში არსებობდა, რაც დრო გადის, საჯარო ხდება. თქვენმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც იკვეთება თეთრაძის საქმესთან მიმართებაში განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებში მაშინდელი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობა. ეს მტკიცებულება აუცილებელია გადაეცეს პროკურატურას, რათა ამ ჩანაწერის ავთენტურობა დადგინდეს. მეორე მხრივ, ბუნებრივია, აქ დგება ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ამ საქმის თანამონაწილე იყო. მათ შორის თავდაცვის სამინისტროს მაშინდელი პირველი პირების გადაწყვეტილებების მიმღები ადამიანების პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, იქნება ეს ბაჩო ახალაია თუ სხვა პირი. ეს საქმე შესაძლებელია სამინისტროში გადაწყვეტილებების მიმღებ პირველ პირებან მიდიოდეს. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რა სისტემური დანაშაულები ხდებოდა სასჯელაღსრულებაში და სხვადასხვა უწყებაში. ამის შემოქმედი იყო ჯგუფი, რომელიც რამდენიმე კაცისგან შედგებოდა. დაშინება და ძალადობა ეს წინა ხელისუფლების ხელწერა იყო“, – აღნიშნა კაიკაციშვილმა.
სკანდალური ვიდეოჩანაწერი, რომელიც პორტალ „კვირას“ ხელში ჩაუვარდა, სავარაუდოდ, 2008 წლით თარიღდება და ის სამხედრო პოლიციის იმჟამინდელი უფროსის, ლევან ზაქრაძის სამუშაო კაბინეტშია გაკეთებული. მაშინ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი იყო. ფარული კამერით გადაღებულ 30 -წუთიან ჩანაწერში ვიცე-პოლკოვნიკ რევაზ სახვაძესთან ზაქრაძის საკმაოდ დაძაბული საუბარია აღბეჭდილი. ამ საუბრიდან რამდენიმე დღეში სახმელეთო ჯარების ჰაერსაწინააღმდეგო სამსახურის ყოფილი უფროსი სახვაძე დააკავეს. ის 500 ათასი ლარის გაფლანგვაში დაადანაშაულეს, თაღლითობის მუხლით გაასამართლეს და 15 წელი მიუსაჯეს. თუმცა, სახვაძემ მხოლოდ 4 წელი მოიხადა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მას ამნისტია შეეხო და გაათავისუფლეს.
რაც შეეხება ლევან ზაქრაძეს, ის ფიგურირებს 2011 წელს სამხედრო პოლიციის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ოთხი პირის – სერგო თეთრაძის, დავით ლონდარიძის, სერგეი ჩაპლიგინის და გია გორელაშვილის საქმეში. ცნობილია, რომ 3 წლის წინ, 17 სექტემბერს თეთრაძის სახლში 12-მდე სამხედრო პოლიციელს შორის, რომლებმაც სახლი სასამართლოს დადგენილების გარეშე გაჩხრიკეს, ლევან ზაქრაძეც იმყოფებოდა.
როგორც ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი გორელაშვილი აცხადებდა, სერგო თეთრაძე სწორედ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ზაქრაძის კაბინეტში მისი თანდასწრებით და მონაწილეობით აწამეს, ემუქრებოდნენ და მისგან არარსებული დანაშულის აღიარებას მოითხოვდნენ. ამ ფაქტის ერთ-ერთი მონაწილე კი მეგის ქარდავა იყო. მოგვიანებით, ლევან ზაქრაძე სერგო თეთრაძის საქმეზე მხოლოდ მოწმის სახით დაიკითხა. ის ერთ-ერთი იმ პირთაგანი იყო, რომლის დასჯას თეთრაძის ოჯახი კატეგორიულად მოითხოვდა.
კაიკაციშვილის განმარტებით, დაშინება და ძალადობა წინა ხელისუფლების ხელწერა იყო. თავდაცვის სამინისტრო კი იმდენად დახურული უწყება იყო, რომ იქ წლების განმავლობაში არსებული დარღვევების შესახებ ინფორმაციები ახლა მჟღავნდება.

იხილეთ სტატია: http://kvira.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები