მაია ფანჯიკიძისთვის პროკურატურის გუშინდელი საგანგებო ბრიფინგი გაუგებარია

თავდაცვის სამინისტროს საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ გამართა კიდევ ერთი საგანგებო ბრიფინგი, თუმცა გაუგებარია, რისი თქმა უნდოდა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ “მაესტროს ცხრიანში” სტუმრობისას განაცხადა.
ყოფილი მინისტრი ეჭვობს, რომ პროკურატურის მხრიდან თავდაცვის სამინისტროს მისამართით გაკეთებული განცხადებების მთავარი მიზეზი, ირაკლი ალასანიას პოლიტიკური დევნა იყო.
“თუკი ამდენი ხანია ამ საქმეს იძიებენ და მაინც არ არის ბოლომდე გამოძიებული და დასკვნა არ არის გამზადებული, რა ეჩქარებოდათ, რომ გამოდიან ამ განცხადებით. ჩვენ ბოლო დღეებში გავიგეთ, რომ დარღვევები ყოფილა ყველა სამინისტროში, რომელსაც აქვს დიდი ბიუჯეტი. ეს ყოფილა თურმე შსს, ყოფილა ჯანდაცვის სამინისტრო. მე ერთი რამ მაინტერესებს, რატომ არ ყოფილა არც ერთი საგანგებო ბრიფინგი, არც პროკურატურის, არც აუდიტის სამსახურის, არავის მხრიდან, ან შსს-ში აღმოჩენილი დარღვევების, ან ჯანდაცვის სამინისტროში აღმოჩენილი დარღვევების შესახებ. ყველაფერი ეს ამძაფრებს ეჭვს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ირაკლი ალასანიას პოლიტიკური დევნა იყო მთავარი მიზეზი. ამის მიზეზი შეიძლება ორი რამ იყოს, ერთი ის, რომ მას პირადად და პიროვნულად ებრძვიან და მეორე, ის რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ევროატლანტიკური კურსის საფრთხეში დაყენების მცდელობა. ფაქტია, რომ სხვა უწყებების შესახებ კომენტარი არ მოგვისმენია”, – აღნიშნა ფანჯიკიძემ.
ჟურნალისტებს გუშინ პროკურატურაში ის ოთახი დაათვალიერებინეს, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების ადვოკატებს საიდუმლო დოკუმენტების გასაცნობად სთავაზობენ. როგორც პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, ოთახში შექმნილია ყველა პირობა, რათა ადვოკატები საქმის მასალებს გაეცნონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები