“ახალი ქსელები“: ე.წ. გასაღების გადაცემისთვის პროვაიდერები მზად არ არიან

კომპანია “ახალ ქსელებში“ აცხადებენ, რომ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტებში ე.წ. გასაღების ცნება ნათლად არაა განმარტებული, რაც საზოგადოების, მათ შორის სატელეკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლების დაბნეულობას იწვევს.
როგორც “კვირასთან“ საუბრისას “ახალ ქსელების“ ტექნიკურმა დირექტორმა ლევან ინჯიამ განაცხადა, საჭიროა განმარტება, თუ რას გულისხმობს კონკრეტულად ე.წ გასაღები და რა ვალდებულებებს დააკისრებს მისი გადაცემა ოპერატორებს.
“ახალ ქსელებში“ მზად არიან, რომ ე.წ გასაღები “ჩაიბარონ, თუმცა აცხადებენ, რომ ამ ვალდებულებასთან ერთად სახელმწიფომ ოპერატორებს ფინანსებიც უნდა გამოუყოს.
ინჯიას თქმით, მონაცემების თავმოყრისთვის და დაცულობისთვის კომპანიებს ტექნიკური გადაიარაღება მოუწევთ, რის განხორციელებასაც სერიზული თანხები სჭირდება.
“არა მხოლოდ “ახალ ქსელები “, არამედ არცერთი სატელეკომუნიკაციო კომპანია ტექნიკურად არ არის მზად, რომ ე.წ გასაღების ფლობით დაკისრებული ვალდებულებები განახორციელოს. საჭიროა ტექნიკური გადაიარაღება, რომელიც არცთუ ისე მცირე თანხებთან არის დაკავშირებული. ამ ოდენობის თანხები არცერთ სატელეკომუნიკაციო კომპანიას არ გააჩნია. თუმცა თუ სახელმწიფოს მიერ იქნება დაფინანსებული ეს ვალდებულება, “ახალი ქსელები“ მზადაა, მაქსიმალურად ეფეტურად შეასრულოს ეს ფუნქცია. ზოგადად კი, ვფიქრობ, რომ ჯერ “გასაღების“ ცნება და ფუნქციები უნდა განისაზღვროს და შემდგომ დაიწყოს მსჯელობა, ვის უნდა ჰქონდეს მასზე წვდომა“, -განუცხადა “კვირას“ ლევან ინჯიამ.
ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციათა საკანონმდებლო წინადადება. მათ მიერ პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, ერთი გასაღები ექნება სასამართლოს, მეორე – ელექტრონულ პროვაიდერ კომპანიებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები