ნინო ბურჯანაძე: „ნაცმოძრაობა“ არა ოპოზიცია, არამედ დანაშაულებრივი ორგანიზაციაა

“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერს ნინო ბურჯანაძეს „ნაცმოძრაობა“ არა ოპოზიციად, არამედ დანაშაულებრივი ორგანიზაციაად მიაჩნია – ამის შესახებ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პრემიერ-მინისტრის მიერ ოპოზიციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„რაც შეეხება ოპოზიციის „ეფექტურობას“, მე ვისურვებდი, რომ პირველ რიგში, მთავრობა ყოფილიყო უფრო ეფექტური, ეს ქვეყნის ინტერესებში შედის. ხოლო რაც გვეხება ჩვენ, ჩვენი პოლიტიკური ძალა არის არა მხოლოდ კონსტრუქციული, არამედ ზეკონსტრუქციული ოპოზიცია. დაწყებული წინასაარჩევნო პერიოდიდან, ჩვენმა ორგანიზაციამ, ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებასა და „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში. არჩევნებიდან მოყოლებული ჩვენ ყოველთვის ძალიან კონსტრუქციულად ვაკრიტიკებდით მთავრობას, უფრო მეტიც, ჩვენ არა ერთგზის რჩევის სახით გაგვიხმოვანებია პოზიცია, თუ რა უნდა გაკეთდეს აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან მიმართებაში და სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, თუმცა სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, ამას ხელისუფლების მხრიდან ადექვატური რეაგირება არ მოჰყოლია“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, კარგია მთავრობამ ახლა თუ მაინც გაიგო, რომ ორი წლის თავზე აუცილებელია ოპოზიციასთან ნორმალური ურთიერთობა და დიალოგი, იმიტომ რომ მთავრობის წარმომადგენლებმა ვერც ერთხელ მოახერხეს რეალურ ოპოზიციასთან დიალოგის რეჟიმში მუშაობა. „ქვეყანას ეფექტური მთავრობა სჭირდება, ეფექტური ოპოზიცია მას ჰყავს, მაგრამ მთავრობის ეფექტურობის გარეშე ეს ოპოზიციაც ვერ იქნება ეფექტური. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ის განცხადება, როდესაც პრემიერმა მადლობა გადაუხადა ევროპულ სტრუქტურებს მიღებული გადაწყვეტილებებისა და რეზოლუციებისათვის, ჩემთვის ბოლომდე მისაღები არ არის, რადგან ყველა ამ განცხადებაში საუბარია პოლიტიკურ დევნაზე და უსამართლობაზე. ვწუხვარ, რომ პრემიერ-მინისტრმა ამჯერადაც ვერ შეძლო იმის ახსნა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ დევნას კი არ აქვს ადგილი, არამედ სამართლიანობის აღდგენის მცდელობას. ეს რომ პრემიერს აეხსნა, ბუნებრივია, დასავლეთში ვერ გაბედავდნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა არაკონსტრუქციული ძალების პოლიტიკურ ოპოზიციად გამოცხადებას“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. როგორც „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი აცხადებს, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ აწყობს ოპოზიციად ჰყავდეს „ნაციონალური მოძრაობა“ და ნაკლებად ედებატოს იმავე „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას“, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ რაიმე საკითხზე შეპასუხების უბრალოდ მორალური უფლება არ აქვს. შეგახსენებთ, რომ ღარიბაშვილმა ოპოზიციას კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები