“ჯეოსელი“: თუ ე.წ. გასაღებს უახლოეს პერიოდში გადმოგვცემენ, ინფორმაციის დაცულობაზე პასუხს ვერ ვაგებთ

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება, რომლის მიხედვითაც, ერთი გასაღები სასამართლოს, მეორე კი მობილურ ოპერატორებს უნდა ჰქონდეთ კომპანია “ჯეოსელისთვის“ მიუღებელი და ბუნდოვანია.
როგორც “კვირას“ კომპანიის იურისტმა ლევან გიორგაძემ განუცხადა კანონპროექტში ტექნიკური ნიუანსები ბუნდოვნადაა მოყვანილი, შესაბამისად, რა სახის ვალდებულებები დაეკისრება კომპანიას, ეს მათთვის უცნობია.
კომპანიის წარმომადგენელს შენიშვნები აქვს ვადებთან დაკავშირებითაც. გიორგაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ “ჯეოსელს“ გასაღების ფლობის უფლებას და ამ უფლებით განსაზღვრულ ვალდებულებებს უახლოეს პერიოდში დააკისრებენ, კომპანია ამ საქმის ეფექტურად შესრულების და ინფორმაციის დაცულობის პირობას ვერ დადებს. მისივე თქმით, ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტის შემუშავების პროცესში არ იყო გათვალისწინებული მობილური ოპერატორების პოზიცია და “ჯეოსელის“ წარმომადგენლებთან კონსულტაციები ამ კანოპროექტის ავტორებს არ გაუვლიათ.
გიორგაძე ვარაუდობს, რომ უზუსტობები ამ ფაქტმაც განაპირობა. “რა სახის ვალდებულებები დაგვეკისრება, ეს ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია. კანონპროექტში ტექნიკური ნიუანსები ბუნდოვნადაა მოყვანილი. ასევე არ ვიცით, რა ვადებში მოგვიწევს სამუშაოების ჩატარება. თუ ეს არაგონივრულ ვადებში იქნება გაწერილი, დიდი ალბათობით ჩვენ დაკისრებულ ვალდებულებებს თავს ვერ გავართმევთ. ეს ყველაფერი ძალიან დიდ ფინანსურ რესურსებს უკავშირდება – ქსელის მოდერნიზაციას, ტექნიკურ რესურსს და დამატებით თანამშრომლებს მოითხოვს, დიდი ალბათობით ამისთვის სახსრების გაღება თავად კომპანიას მოუწევს“, – აღნიშნა ლევან გიორგაძემ.
როგორც ცნობილია, მოსმენებთან დაკავშირებული ე.წ. გასაღების საკითხზე პარლამენტში წარდგენილია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება, რომლის განხილვაც არ დაწყებულა და საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებული არ არის. არასამთავრობოთა შეთავაზება ასევე ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვით ერთი გასაღები აქვს სასამართლოს, მეორე – ელექტრონულ კომპანიებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები