153-ე ბაგა-ბაღის დირექტორი: კობა სუბელიანმა ცრუ ინფორმაცია გაავრცელა

153- ე ბაგა-ბაღის დირექტორმა, რომელმაც საკუთარი მოადგილე ორი წლის წინ თავად დანიშნა თანამდებობაზე, აღმზრდელის თანაშემწის პოსტზე გადაიყვანა, – ამის შესახებ „კვირას“ ბაგა-ბაღის დირექტორმა ლია ქადაგიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პარლამენტარმა კობა სუბელიანმა ბაგა-ბაღის დირექტორის მოადგილეზე თაველა ასათიანზე არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.
საქმე ეხება ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრის კობა სუბელიანის მიერ გახმაურებულ განცხადებას. კობა სუბელიანის ინფორმაციით, 15 ნოემბრის აქციაზე მისვლის გამო აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონი თაველა ასათიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
”აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონი თაველა ასათიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს, 15 ნოემბერს მიტინგზე რატომ იყავიო. ეს არის დაპირებული დემოკრატია? მის მცირეწლოვან შვილს რას ეუბნებით?’,’ – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე სუბელიანი.

როგორც „კვირას“ ბაღის დირექტორმა განუცხადა, საბავშვო ბაღში თაველა ასათიანი დირექტორის მოადგილედ უკვე ორი წელია მუშაობს, ამჟამად კი, შეთანხმების შედეგად, ასათიანი აღმზრდელის თანაშემწედ გადაიყვანეს. საკადრო ცვლილების მიზეზად დირექტორმა თაველა ასათიანის საშუალო განათლება დაასახელა.
„ტექნიკური განათლების მქონე თაველა ასათიანი ორი წლის წინ ჩემს მოადგილედ თავად დავნიშნე. მაშინ არსებული კანონი არ ითხოვდა, რომ მოადგილეს უმაღლესი განათლება აუცილებლად უნდა ჰქონოდა. ამ ორი წლის განმავლობაში მონიტორინგის ჯგუფმა რამდენჯერმე შემამოწმა და ორი გაფრთხილება მივიღე, თაველა ასათიანის გამო სამსახურს ხომ არ დავკარგავ? ამიტომ იგი აღმზრდელის თანაშემწედ გადავიყვანე. რაც შეეხება კობა სუბელიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან უქმე დღეებში ჩემი მოადგილის გადაადგილება მე არ მეხება და არც დავინტერესებულვარ, სად იმყოფებოდა ჩემი მოადგილე 15 ნოემბერს“, – აღნიშნა ბაგა-ბაღის დირექტორმა.
თუმცა, რა ფუნქცია ეკისრება აღმზრდელის თანაშემწეს თამილა ასათიანს აღნიშნულ ვაკანსიაზე ბაგა-ბაღის დირექტორმა ვერ ახსნა.
აღსანიშნავია, რომ იმავე ბაგა-ბაღის ადმინისტრაციაში ახალგაზრდა კარლო ნაგლაძე მუშაობს. როგორც ნაგლაძემ „კვირას“ განუცხადა, იგი საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, თუმცა სპეციალობა „კვირას“ არ გაუმხილა. მისი თქმით, იგი ბაგა-ბაღში საქმისმწარმოებელია და მისი განათლება თანამდებობას ზუსტად აკმაყოფილებს.
მისი თქმით, თაველა ასათიანი სამსახურიდან არავის გაუთავისუფლებია და ამჟამადაც იქ იმყოფება. თუმცა, ნაგლაძემ „კვირას“ აღმზრდელის თანაშემწესთან გასაუბრების საშუალება არ მისცა.
კიდევ ერთი დეტალი: აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონის თაველა ასათიანის საკითხით დევნილთა და განსახლების სამინისტროც დაინტერესდა. როგორც „კვირას“ სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, იურიდიული დეპარტამენტი ასათიანის შესახებ მოკვლევას აწარმოებს, რის შედეგადაც მოკვლეული მასალები მედიისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები