მინდია ჯანელიძე გენერალ-ლეიტენანტ რობერტ ნელერს შეხვდა

საქართველოს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპული სარდლობის მეთაური გენერალ-ლეიტენანტი რობერტ ნელერი ეწვია.
სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის უწყებაში გენერალ რობერტ ნელერს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ უმასპინძლეს.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი გიორგი კბილცეცხლაშვილი, აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, აშშ-ს სამხედრო ატაშე პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი და სხვა ოფიციალური პირები.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსთვის უელსის ნატოს სამიტზე მიღებული „არსებითი პაკეტი“ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ISAF-ის მისიაში მონაწილეობასა და 2015 წლიდან „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიაში ჩართვაზე გამახვილდა. გენერალ-ლეიტენანტმა ნელერმა მასპინძელ მხარეს ქართული კონტინგენტის მიერ ISAF-ის მისიაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მან სურვილი გამოთქვა, რომ ამერიკელ საზღვაო ქვეითებსა და ქართველ სამხედროებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდეს.
მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებებზე იმსჯელეს. განხილვის ერთ-ერთი თემა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და უკრაინის კრიზისი იყო. აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპული სარდლობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები