მმართველი გუნდის ინიციატივით, ე.წ. ორგასაღებიანი სისტემის ერთი გასაღები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, მეორე კი შსს-ს ექნება

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული ე.წ. გასაღების საკითხზე მმართველი გუნდის წევრები ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი და გედევან ფოფხაძე ხვალ, შესაბამის სამუშაო ჯგუფს მათ მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას წარუდგენენ.
როგორც ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა ეკა ბესელიამ “ტელეიმედის” ეთერში განაცხადა, კანონპროექტის მიხედვით, შემოდის ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა, რომლიდანაც ერთი გასაღები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, მეორე კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება.
“სწორედ იმიტომ, რომ ზეგ იწურება კანონპროექტის წარდგენის ვადა, მე, ირაკლი სესიაშვილმა და გედევან ფოფხაძემ უმოკლეს დროში მოვამზადეთ საკანონმდებლო ინიციატივა. გავითვალისწინეთ ყველა დადებითი, პოზიტიური, კარგი, რაც კი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებობს. კანონპროექტს ხვალ ამ საკითხზე მომუშავე სამუშაო ჯგუფს გავაცნობთ. ინიციატივის მიხედვით, შემოდის ე.წ. ორგასაღებიანი მოდელი, რომელთაგანაც ერთი უნდა იყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში, რომელიც დამოუკიდებელი ინსტიტუტი და მონიტორინგის განმახორციელებელი სუბიექტია, მეორე კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში, რადგან ეს უსაფრთხოების საკითხს უკავშირდება. ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ იმ საფრთხეებს, რომელშიც ქვეყანა იმყოფება. ექსპერიმენტებს ვერ ჩავატარებთ. კერძო პროვაიდერების უკან დგანან უცხო სახელმწიფოები”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
როგორც ცნობილია, მოსმენებთან დაკავშირებული ე.წ. გასაღების საკითხზე პარლამენტში წარდგენილია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება, რომლის განხილვაც არ დაწყებულა და საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებული არ არის. არასამთავრობოთა შეთავაზება ასევე ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვით, ერთი გასაღები აქვს სასამართლოს, მეორე – ელექტრონულ კომპანიებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები