ადვოკატი: ლევან ჩაჩუას გათავისუფლება ჩემთვის მოულოდნელი იყო

ექსპერტ ლევან ჩაჩუას ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლოდან მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლება მოულოდნელი იყო. როგორც ადვოკატმა ზურაბ ტაბიძემ სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა, ექსპერტ ლევან ჩაჩუას გათავისუფლების მოტივი გახდა ის, რომ მას დაკავებამდე არც ერთ მოწმესთან კავშირი არ ჰქონია ზემოქმედების მიზნით. მისი თქმით, დღეს ის გარემოება, რომ ექსპერტს ზემოქმედება არც ერთ მოწმეზე არ უცდია თავისუფლების პირობებში, დაადასტურა საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, ზურაბ ჟვანიას ნათესავმა, თამილა აფაქიძემ, რომელიც ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზის დროს ექსპერტიზის ბიუროში იმყოფებოდა. “საქმის განხილვის ამ ეტაპზე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლება ჩემთვის მოულოდნელი იყო, თუმცა, შუამდგომლობა მოწმე აფაქიძის ჩვენების შემდეგ მაინც დავაყენეთ. ჯერ პრეცედენტი არ ყოფილა, რომ ექსპერტი, რომელსაც კანონი აფრთხილებს ყალბ დასკვნასთან დაკავშირებით, ბრალდებული იყოს სამსახურებრივ გულგრილობაზე”, – განაცხადა ზურაბ ტაბიძემ. მისივე თქმით, ახლა დაცვის მხარე ბრძოლას აგრძელებს ჩაჩუას უდანაშაულობის დასამტკიცებლად.
დღევანდელი გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა საქმის პროკურორისთვის. როგორც ჩაჩუას გათავისუფლების შემდეგ პროკურორმა რევაზ ნადოიმ განაცხადა, ადვოკატებმა ვერ წარადგინეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმა, რომლის საფუძველზეც მათ მოითხოვეს ჩაჩუასთვის აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გირაოთი შეცვლა. პროკურორი აცხადებს, რომ სამწუხაროდ, არსებითი განხილვის ამ ეტაპზე მას არ ეძლევა საშუალება გაასაჩივროს ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლება. “სიმართლე გითხრათ, არ ველოდი მის განთავისუფლებას. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩაჩუას ძმამ ზემოქმედება სცადა ერთ-ერთ მოწმეზე, კახაბერ ერისთავზე, რაზეც დაწყებულია გამოძიება. მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება სამწუხაროდ საქმის ამ ეტაპზე არ მაქვს”, – განაცხადა რევაზ ნადოიმ. ექსპერტ ლევან ჩაჩუას საქმის განხილვა 21 ნოემბერს, 15.00 საათზე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები