რუსეთში პოლიციელებს ირმებს, ვირებს და აქლემებს შეუძენენ
უახლოეს მომავალში რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთის რეგიონებში შესაძლოა, პოლიციამ სამსახურებრივი ირმები მიიღოს. ამ ცხოველების შეძენის საკითხი ახლა რუსეთის ფედერაციის შსს-ში განიხილება. რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონების სამართალდამცავებისთვის კი ვირებისა და აქლემების შეძენის შესაძლებლობას განიხილავენ. ამის შესახებ „იზვესტია“ იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ჩრდილოეთით დამნაშავეები ტუნდრაში და სხვა ძნელად მისაღწევ ადგილებში იმალებიან. ამიტომ მათი ოპერატიულად დაკავების მიზნით პოლიციელებს ირმები ესაჭიროებათ.
ირმების შეძენის საკითხი შსს-ს ნორმატიულ ბაზაში ჯერ კიდევ 2012 წელს შეიტანეს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სპეციალური სამთო ბრიგადებისთვის 150 ვირი და კამეჩი შეიძინა.