დავით უსუფაშვილი ნიდერლანდების სენატის პრეზიდენტს შეხვდა

ნიდერლანდების სამეფოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სენატის პრეზიდენტ ანკე ბროკერს-კნოლს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ქვეყნის მიერ ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი იყო. როგორც აღინიშნა, ამ პროცესში ნიდერლანდების სამეფოს, როგორც ევროკავშირის დამფუძნებელი წევრის, მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამავდროულად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ცხადყოფს საქართველოს სურვილს, ყველა მიმართულებით მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს ნიდარლანდების სამეფოსთან. საუბარი შეეხო ვიზა ლიბერალიზაციის საკითხებსაც.
მხარეებმა რეგიონალურ უსაფრთხოებაზე ისაუბრეს და დეტალურად განიხილეს ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება და ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც საქართველო დგას. საუბარი შეეხო უკრაინაში შექმნილ ვითარებასაც. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საფრთხეებსა და გამოწვევებთან გასამკლავებლად საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანი უნდა იყოს. დავით უსუფაშვილმა და ანკე ბროკერს-კნოლმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და სამომავლოდ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უფრო აქტიური ხდება. დავით უსუფაშვილმა ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტი ვიზიტით საქართველოში მოიწვია. დღესვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჰააგის გლობალური სამართლის ინსტიტუტს ეწვევა, სადაც მისი საჯარო გამოსვლაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები