“ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მინდია ჯანელიძესთან შეკითხვები გვაქვს“
„1 დეკემბერს გვექნება პრეზენტაცია, სადაც ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ ვისაუბრებთ. იმდროინდელ კონტრდაზვერვასთან დაკავშირებით პირდაპირი კითხვები გვექნება თავდაცვის მინისტრთან, მინდია ჯანელიძესთან“,- აღნიშნული განცხადება პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
პოლიტოლოგის განცხადებით, საქართველოს წინა და მოქმედ ხელისუფლებას, კრემლთან ერთად, სრული სიამტკბილობა აქვთ ლაფანყურის საკითხთან მიმართებაში,რის გამოც აღნიშნული საქმე დღემდე გამოუძიებელია.
„1 დეკემბერს ექსპერტთა კლუბი ლაფანყურის საქმესთან დაკავშირებით ერთგვარ პრეზენტაციას გამართავს, სადაც საზოგადოებას აღნიშნულ საკითხზე ჩვენს ყველა შეხედულებას გავაცნობთ. ბატონ ჯანელიძესთან კონტრდაზვერვის სამსახურში ყოფნის დროს მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით პირდაპირი შეკითხვები გვექნება. ეს ძალიან ჩახლართული და მრავალკომპონენტიანი თემაა, შედეგი ერთია – 2 წელიწადზე მეტი გავიდა და არც წინა, არც დღევანდელ ხელისუფლებას და არც კრემლს არ სურთ ამ საქმის გამოძიება. ამ სამი პოლიტიკური სუბიექტის სიამტკბილობა რაზეა დამყარებული, ამას პრეზენტაციისას გავახმოვანებთ. ჯანელიძის არსებობა, მისი გვარი ამ ბოლო ხანებში გავიგე – არ ვიცოდი, ვინ იყო იმ დეპარტამენტის თავმჯდომარე. ის დაზვერვაში იყო 12 წლის განმავლობაში, მერე გახდა მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში. როცა ადამიანი ქვეყნის პირველი პირის უსაფრთხოების მრჩეველია, მის მიმართ ინეტერესიც მეტია. ადამიანები, ვისაც მასთან უმუშავია, მას, როგორც პიროვნებას, ძალიან პოზიტიურად ახასიათებს“,- განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.