ჩოხატაურის რაიონში ორი სკოლის მშენებლობა იწყება
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარში სკოლის მშენებლობა და აღჭურვა დასრულდა. განათლების სამინისტროს ცნობით, ევროპული სტანდარტების ახალი, თანამედროვე სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ ჭკუასელმა, გურიის გუბერნატორმა გიორგი ჩხაიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგებლებმა მოინახულეს და მოსწავლეების თვითშემოქმედებასაც გაეცნენ.
მათივე ინფორმაციით, სოფლის სკოლა სრულად აღიჭურვა ახალი მერხებითა და დაფებით. სკოლას აქვს გათბობა, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, წიფნარის საჯარო სკოლის ძველი შენობა მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო, ამიტომ სასწავლო პროცესი საბავშვო ბაღის ხის შენობაში ტარდებოდა, სადაც არ იყო ელემენტარული პირობები. სოფელი სკოლის აშენებას 20 წლის განმავლობაში ელოდა, რის გამოც, მოსახლეობა სოფელს ტოვებდა. 60 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში ამ ეტაპზე 35 მოსწავლე სწავლობს, თუმცა, ახალი სკოლა მომავალი სასწავლო წლიდან სრულად დაიტვირთება. სოფელ წიფნარში სკოლის მშენებლობის დაწყების შემდეგ რამდენიმე ოჯახი უკვე დაბრუნდა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ჩოხატაურის რაიონში კიდევ ორი ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება, ერთ-ერთი სოფელ ზოტში, სადაც ასევე ჩავიდა მინისტრი, ძველი სკოლის ხის შენობა დაათალიერა, მოსახლეობას შეხვდა და მათ ახალი სკოლის პროექტი წარუდგინა.
“სოფელი ზოტი არის ჩოხატაურის რაიონის ყველაზე მაღალმთიანი სოფელი. სოფელში არის საჯარო სკოლა, რომელშიც სწავლობს 196 მოსწავლე, სოფელში არ არის მიგრაცია და მოსწავლეთა კონტიგენტი მერყეობს 180 მოსწავლიდან 220 მოსწავლემდე. ყოველწლიურად ზოტის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა მატულობს. საუკუნოვანი სკოლის ძველი ხის შენობა, რომელიც ვერ იტევს მოსწავლეებს და არის ამორტიზირებული, სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველია. სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოფელ ზოტში 2014 წლის დეკემბერში ახალი, თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა დაიწყება.
ზოტის საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ 8 სკოლიდან, რომლის მშენებლობაც 2014 წელს დაიწყება”, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.