კვიციანის ოჯახი განაჩენს პარლამენტთან აპროტესტებს – „ჩვენს დევნას წერტილი არ დაესვა“
პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის, ემზარ კვიციანის ოჯახი და ახლობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ისინი თბილისში, პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ. ემზარ კვიციანის და ნორა კვიციანი დამოუკიდებელი კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც მისი ძმის საქმეს დეტალურად შეისწავლის.
„2006 წლიდან დღემდე ჩვენს დევნას წერტილი არ დაესვა. ჩემმა ძმამ სასამართლოზე თქვა, რომ მე 12 წელი ვიცავდი ხეობას და 12 წელს მისჯიანო. დღეს ემზარ კვიციანს კი არ გამოუტანეს განაჩენი, არამედ ყველა პატრიოტს“, – განაცხადა ნორა კვიციანმა.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის სასამართლომ ემზარ კვიციანს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. კვიციანის ადვოკატი განაჩენის გასაჩივრებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.
ემზარ კვიციანი სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით 2006 წლიდან იძებნებოდა. მას პატიმრობა დაუსწრებლად წინა ხელისუფლების დროს მიესაჯა. მიმდინარე წლის 28 თებერვალს კი, მას შემდეგ, რაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, სამართალდამცველებმა აეროპორტში დააკავეს.