გადადებული ავიარეისები – "პეგასუსს" მგზავრების დაბინავება 1000 ევრო დაუჯდა

  უკვე ორი დღეა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის მიმართულებით ავიარეისები ვერ სრულდება – ამის შესახებ „კვირას“თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მორიგე ოპერატორმა განუცხადა. მისი თქმით, თურქეთში უამინდობის გამო, თბილისი-სტამბოლის მიმართულებით ავიაკომპანიებმა – „პეგასუსმა“ და „თურქის ეარ ლაინმა“ ავიარეისები ვერ შეასრულა. ავიაკომპანია „პეგასუსის“ დირექტორის ლევან ელიზბარაშვილის განცხადებით, კომპანიის ადმინისტრატორმა მგზავრებს ავიარეისის შეუსრულებლობის შესახებ ინფორმაცია ინდივიდუალურად მიაწოდა, თუმცა 11 მგზავრთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. მისივე თქმით, ის მგზავრები, რომლებსაც ავიარეისების გადადების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, თბილისის აეროპორტში გამოცხადდნენ.
„თურქეთში უამინდობის გამო რეისები გადაიდო. კომპანიის წარმომადგენელი გუშინ 22.00 საათზე ყველა მგზავრს ინდივიდუალურად დაუკავშირდა და გააფრთხილა, რომ რეისი არ შესრულდებოდა. თუმცა, 11 მგზავრთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. დღეს სწორედ ის 11 მგზავრი მოვიდა აეროპორტში რეგისტრაციის მისაღებად. მგზავრებს დისკომფორტი რომ არ შექმნოდათ, თერთმეტივე მგზავრი დღეს ბაზალეთში გავამგზავრეთ და სასტუმროში დავაბინავეთ, ისინი მთელი დღის განმავლობაში დროს ბაზალეთზე გაატარებენ. მგზავრებს შორის უცხოეთის მოქალაქეებიც არიან. საღამოს მათ ბაზალეთიდან ჩამოვიყვანთ და თბილისი-სტამბოლის მიმართულებით ჩვენივე კომპანიის თვითმფრინავით გაფრინდებიან “, – აღნიშნა ლევან ელიზბარაშვილმა.
მისივე თქმით, ავიკომპანია „პეგასუსს“ 11 მგზავრის ბაზალეთის სასტუმროში გამგზავრება და იქ მომსახურება 1000 ევრო დაუჯდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები