მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ პატარა, მაგრამ ამბიციური და ნიჭიერი ერი ვართ, არ არსებობს სპორტის სახეობა, სადაც გამორჩეული სპორტსმენი არ გვყავდეს და წარმატება არ გვქონდეს

განსაკუთრებულად მინდა მივესალმო ჩვენს გამორჩეულ სპორტსმენებს, რომლებმაც გვასახელეს 2025 წელს. მათი თავდაუზოგავი შრომით, მათი ძალისხმევით კიდევ ერთხელ ააჟღერეს ჩვენი ჰიმნი და ასახელეს მთელი ერი, მთელი საქართველო. დიდი მადლობა მათ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს ვისაც წვლილი მიუძღვის სპორტსმენების წარმატებაში.

„მინდა მადლობა გადავუხადო მათ გვერდში მდგომ მწვრთნელებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც დაეხმარა ჩვენ გამორჩეულ წარმატებულ სპორტსმენებს, რომ ამ წარმატებისთვის მიეღწიათ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, წლიდან წლამდე უმჯობესდება ქვეყნის სპორტული შედეგები, რაც სპორტსმენების თავდაუზოგავი შრომისა და სახელმწიფოს მხრიდან მათი ხელშეწყობის დამსახურებაა.

„მოგეხსენებათ, წლიდან წლამდე როგორ უმჯობესდება ჩვენი სპორტული შედეგები და მართლაც ენით აღუწერელია, ის სტატისტიკა, რომელსაც ამ ბოლო წლების მანძილზე მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ. ეს შედეგები ჩვენი სპორტსმენების თავდაუზოგავი შრომის ხარჯზეა მიღწეული, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ არა სახელმწიფოს განსაკუთრებული როლი, მიზანმიმართული ქმედება სპორტის დახმარების, რა თქმა უნდა, ეს შედეგები ვერ იქნებოდა და ამითაც განებივრებული ვართ, რომ ჩვენ გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ძალიან დიდი გულშემატკივარია სპორტის, ესეც ფუფუნებაა, გვყავს ქალაქის მერი, ჩვენი გამორჩეული კახი კალაძე, სპორტსმენი და ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც გულშემატკივრობს სპორტს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მან ასევე სპორტის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.

„ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა, რომელიც პირდაპირ ემსახურება სპორტის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. დავინახეთ რამხელა სიხარულის მოტანა შეუძლია სპორტს თითოეული მოქალაქისთვის. დაგეგმილია, რომ ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში გაკეთდეს მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურა. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ყველა მოქალაქე, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ბავშვები, დაკავდნენ სპორტით.

ჩვენ ამბიციური ერი ვართ, პატარა, მაგრამ ნიჭიერები. არ არსებობს სპორტის სახეობა, სადაც ჩვენ გამორჩეული სპორტსმენი არ გვყავდეს და წარმატება არ გვქონდეს. ჩვენ უნდა ვიყოთ ჯანსაღი, ჯანმრთელი ერი და სპორტის გარეშე ეს შეუძლებელია. ეს ინფრასტრუქტურა მოემსახურება ყველა ადამიანს.

განათლების რეფორმა დაორგანიზდა და აქაც განსაკუთრებული როლი ექნება სასკოლო და საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურას, სადაც ჩვენი მოსწავლეები და სტუდენტები დაკავებული იქნებიან სპორტით. გარდა იმისა, რომ თითქმის ყველა სახეობაში გვყავს მაგარი სპორტსმენები, ჩვენ გვინდა, რომ სამოყვარულო სპორტი იყოს მაღალ დონეზე და ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა დაკავდეს სპორტით. ეს არის ჩვენი გეგმა და ამბიცია. უნდა მოვახდინოთ ამის სისტემატიზაცია იმისათვის, რომ არ შეფერხდეს ჩვენი სპორტსმენების აღზრდა. ეს ინფრასტრუქტურა მისცემს საშუალებას ფედერაციებს, სასპორტო სკოლებს, რომ ნიჭიერი სპორტსმენების აღზრდა და წარმატების მიღწევა შეუქცევადი იყოს. ეს არის ჩვენი ჩანაფიქრი და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად მივაღწევთ ამას“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

დასასრულ, პრეზიდენტმა წარმატება უსურვა სპორტსმენებს.

„მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს გამორჩეულ სპორტსმენებს. ვამაყობ მათით. მეც ყოფილი სპორტსმენი ვარ და ვიცი სპორტის ფასი რა არის და ვიცი როგორც მოქალაქემ, გულშემატკივარმა რამხელა სიხარულის მოტანა შეუძლია სპორტს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები