შალვა პაპუაშვილი: როდესაც ნინო ლომჯარიას მსგავსად, რეპუტაციადაზიანებული ადამიანები არიან ამგვარი კამპანიების სათავეში, რა თქმა უნდა, თავიდანვე ცხადია, თუ რასთან გვაქვს საქმე
როდესაც ენჯეოებზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით ქალბატონ ლომჯარიაზე, ის როდესაც სახალხო დამცველი იყო, მან სააკაშვილის ჯანმრთელობის თაობაზე ყალბი ანგარიში მოამზადა და პირდაპირ მისთვის სასჯელის გადავადებას მოითხოვდა, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „პოსTV”-ის ეთერში „ენჯეოების“ მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციის მონაწილეების დაზიანებებს ეხებოდა.
როგორც პირველი კანონმდებელი აცხადებს, ნინო ლომჯარიას მსგავსად რეპუტაციადაზიანებული ადამიანების განცხადებების მოსმენისას, თავიდანვე ცხადია თუ რასთან გვაქვს საქმე.
„როდესაც „ენჯეოებზე“ ვსაუბრობთ, განსაკუთრებით ქალბატონ ლომჯარიაზე, ის როდესაც სახალხო დამცველი იყო, მან სააკაშვილის ჯანმრთელობის თაობაზე ყალბი ანგარიში მოამზადა და პირდაპირ მისთვის სასჯელის გადავადებას მოითხოვდა. ამ მოთხოვნით მან სასამართლოსაც მიმართა. უფრო მეტიც, ის მიუთითებდა, რომ მისი სამედიცინო დასკვნა არ იყო სრული, ვინაიდან მოკლე დროში ჩატარდა, თუმცა არსებობდა თვითონ მხარის დასკვნა, რომლითაც ის არ გამორიცხავდა, რომ საერთოდ სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველი ყოფილიყო. ამას საუბრობდა ადამიანზე, რომელსაც დღეს ვაკვირდებით, თუ, როგორ ცდილობს, რომ რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი მართოს. გამოჯანმრთელდა, დემენციაც დაძლია, კახექსიაც დაძლია და ყველაფერი დაძლია, რაც აქამდე მედიცინაში დაუძლეველი იყო.
სწორედ ქალბატონი ნინო ლომჯარიას ყალბი დასკვნა იყო საბაბი ბრიუსელისთვის, რომ ევროკავშირის ელჩი გაეგზავნათ იუსტიციის მინისტრთან და მიხეილ სააკაშვილის მათთვის გადაცემა მოეთხოვათ. აი ამ ყველაფრისგან, ლომჯარიას ყალბი დასკვნიდან, ევროკავშირის ელჩის ყალბი დემარშიდან სულ, რამდენიმე კვირაში სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს არაფერი არ სჭირდა ისეთი, რომ მისთვის სასჯელი გადაევადებინათ, ან გაეთავისუფლებინათ, ან რაიმე სხვა ზომა ყოფილიყო და პირიქით თქვა, რომ კარგად არის იქ, სადაც არის.
აი, ამ სიყალბის ავტორი, დღეს მორიგ სიყალბეს გვთავაზობს და როდესაც ასეთ რეპუტაცია დაზიანებულ ადამიანები არიან ამგვარი კამპანიების სათავეში, რა თქმა უნდა, თავიდანვე ცხადია, თუ რასთან გვაქვს საქმე.
მას შემდეგ, რაც ქალბატონმა ლომჯარიამ დატოვა სახალხო დამცველის პოსტი, დააფუძნა ენჯეო, რომელმაც მყისიერად ევროკავშირისგან დაფინანსება მიიღო. მისი თქმით ეს დაფინანსება მილიონს არ გასცდენია, მაგრამ ის რეალურ ციფრებს მალავს, რადგან მისი ორგანიზაცია უარს აცხადებს, რომ საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გახადოს მისი დაფინანსებები. ჩვენ რასაც ვაკვირდებით, ეს არის ტიპური, სპეცსამსახურების სახელმძღვანელოებიდან გადმოწერილი სცენარი, პროპაგანდისტული ნარატივის გავრცელებისა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.