შალვა პაპუაშვილი: ჩვენნაირი ქვეყნისთვის, სპორტი არის ქვეყნის სახელის ამაყად ტარება, მისი დროშის მაღლა ფრიალი, ჰიმნის ჟღერება და მოპოვებული გამარჯვების სახალხო ზეიმი – დღეს დარბაზში ვხედავთ არაერთი თაობის სახელოვან სპორტსმენებს, რომლებმაც ქვეყნის სახელი ღირსეულად ატარეს
მოხარული ვარ, რომ წლის მიწურულს ვესწრები სპორტსმენთა დაჯილდოების ცერემონიას და საშუალება მეძლევა არა მხოლოდ იმისა, რომ შევუერთდე გულითად მილოცვებს, არამედ კიდევ ერთხელ ვილაპარაკო ქართული სპორტის მნიშვნელობაზე, როგორც სპორტული, ასევე სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სპორტი არის გამარჯვება, რომელიც ურთულესი შრომით, წინააღმდეგობებით, არაერთი დაცემითა და მარცხით მოიპოვება.
„ქართული სპორტი და მისი საუკუნოვანი ისტორია წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი სიამაყის საგანს. ის გმირული და ჩინებული მხედრული ტრადიცია, რაც ჩვენს ერს ათასწლეულების მანძილზე მოსდგამს და ჩამოუყალიბდა, ასეთივე შემართებით გადაიბარა ქართულმა სპორტმა და მისი მაღალი მიღწევებით ყოველ ჯერზე გვახარებს.
სპორტი არის ცხოვრების წესი, შრომა, თავდადება, თაობებს შორის ცოდნის გაზიარება და გადაცემა, ღირსება და რაინდობა, რაც სპორტსმენს მთელი ცხოვრების მანძილზე მიყვება და არა მხოლოდ მისი აქტიური წლების განმავლობაში.
სპორტი არის მოხვეჭილი სახელი და პატივი, რომელიც სპორტსმენს პიროვნულ ღირსებას მატებს და ამ ღირსების პასუხისმგებლობით ტარებას ავალდებულებს.
ჩვენნაირი ქვეყნისთვის, სპორტი არის ქვეყნის სახელის ამაყად ტარება, მისი დროშის მაღლა ფრიალი, მისი ჰიმნის ხმამაღლა ჟღერება და მოპოვებული გამარჯვების სახალხო ზეიმი. სპორტი არის გამარჯვება, რომელიც ურთულესი შრომით, წინააღმდეგობებით, არაერთი დაცემითა და მარცხით მოიპოვება, მაგრამ რომელიც ნიჭთან ერთად უძლეველი და სწორუპოვარია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს საუკეთესო სპორტული დღეები წინ აქვს და ქართველი სპორტსმენები კიდევ არაერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას მოიპოვებენ.
„დღეს დარბაზში ვხედავთ არაერთი თაობის სახელოვან სპორტსმენებს, რომლებმაც ქვეყნის სახელი ღირსეულად ატარეს. დღეს ამ ღონისძიებას უყურებს ათასობით ადამიანი, ათასობით ბავშვი, რომელთათვისაც ქვეყნის სპორტული წარსული, მისი მიღწევები, მისი დღევანდელობა არის მისაბაძი და სამაგალითო, მოტივაციისა და ჟინის მიმცემი, რათა უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერად ასწიონ და ატარონ საქართველოს სახელი. რაც მთავარია, ქართული სპორტის თითოეული ქომაგისთვის, ქართული სპორტი არის ის განსაკუთრებული სიხარული, რომელიც გვიხალისებს გულს, აღაფრთოვანებს ჩვენს გონებას და ენერგიას სძენს ჩვენს შრომას. სწორედ იმიტომ, რომ კარგად გვესმის ერის ისეთი დუღაბის მნიშვნელობა, როგორიც სპორტია, ვუთმობთ მას ასეთ ყურადღებას და გვერდში ვუდგავართ მის განვითარებას და პოპულარიზაციას.
ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს საუკეთესო დღეები წინაა და ჩვენ ერთად, ამ და სხვა დარბაზებში, ჩვენი სპორტსმენების კიდევ არაერთ გამარჯვებას აღვნიშნავთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.