შალვა პაპუაშვილი: ბორის ჯონსონის განცხადება, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების თეორიული შანსიც არ არსებობდა, არის მთელი ერის აბუჩად აგდება, რომელმაც ამ იდეას თავი შესწირა, ჩვენც იგივე მოგვივიდა 2008 წელს

ბორის ჯონსონის განცხადებას აბუჩად აგდება ვუწოდე, რადგან სწორედ ის არის ადამიანი, რომელმაც 2022 წლის სტამბოლის შეთანხმება ჩაშალა, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „პოსTV“-ის ეთერში ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებას, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების თეორიული შანსიც არ არსებობდა.

მისი თქმით, უკრაინის მიმართ გაკეთებული განცხადება ქართველებმაც საკუთარ თავზე უნდა მივიღოთ, რადგან მისივე თქმით, 2008 წელს ქართველებმაც იგივე გადაიტანეს, რასაც უკრაინა ახლა განიცდის.

„სტამბოლის შეთანხმება, რომელზეც, როგორც უკრაინის მომლაპარაკებელი მხარე, ამ შემთხვევაში, არახამია ამბობდა, იყო უკრაინისთვის მისაღები სამშვიდობო შეთანხმება, ბორის ჯონსონმა ჩაშალა. ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ჯონსონი კიევში ჩავიდა და თქვა, რომ არანაირი სამშვიდობო შეთანხმება, მოდით ვიომოთ. ახლა კი, თითქმის ოთხი წლის თავზე ის, რისთვისაც უკრაინელებს უნდა ეომათ, რომ ყოფილიყვნენ ნატოს წევრები, თურმე ასეთი პერსპექტივა არასდროს არსებობდა. სწორედ ეს არის აბუჩად აგდება, რომ ომის გარიჟრაჟზე აგულიანებ და ეუბნები რომ ვიომოთ, გახდები ნატოს წევრი და უკრაინული არმია იქნება ნატოს ყველაზე ძლიერი არმია და 4 წლის თავზე ეუბნები, რომ არც არასდროს გვიგულისხმია, რომ უკრაინა ნატოს წევრი იქნებოდა. ეს არის მთელი ერის აბუჩად აგდება, რომელმაც ნატოში გაწევრიანების იდეას თავი შესწირა და ომში წავიდა.

ჯონსონის განცხადების შემდეგ ქართველებიც იგივეს უნდა განვიცდიდეთ, რასაც უკრაინა. ჩვენც იგივე მოგვივიდა 2008 წელს. როდესაც არათუ ღია კარში დაგვტოვეს ფანჯარაც გახსნეს, რომ ორპირი ქარი ყოფილიყო. ნატოს წევრობისთვის ჩვენც დიდი ფასი გადავიხადეთ, მათ შორის საერთაშორისო მისიებში ჩვენი მონაწილეობით. ნატოელებზე უფრო მეტი ნატოელები ვართ და მაშინ, როდესაც ავღანეთის მისიას ემალებოდა ნატოს წევრების უმრავლესობა, ჩვენ წინა ხაზზე ვიყავით. ამ მისიაში მეოთხე ადგილას ვიყავით ჯარის რაოდენობით, ამერიკის შეერთებული შტატების, იტალიელების და გერმანელების შემდეგ.

საბოლოო ჯამში, დღეს ჩვენზე პირდაპირ არ საუბრობენ, მაგრამ უკრაინის მიმართ ნათქვამი ჩვენს გასაგონადაც არის. ეს არის ის იმედგაცრუება, რომელსაც ქართველი ხალხი განიცდის, რადგან აღმოჩნდა რომ ღია კარის პოლიტიკა სინამდვილეში ცრუ იმედების პოლიტიკა იყო. შეიძლება ამას ქართველები გუმანით ვგრძნობდით, რადგან ვხედავდით ხელოვნურ ბარიერებს. რომ სდომოდათ, 2008 წელსაც მიგვიღებდნენ მაგრამ ნაცვლად ამისა, ვნახეთ რუსეთთან მათი ურთიერთობების გადატვირთვა. ჩვენ კი დავრჩით იმ არეულობაში, რაც 2008 წელმა შექმნა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები