თვითმმართველობის არჩევნებისთვის ახალი ბლოკი იქმნება
თვითმმართველობის არჩევნებისთვის ახალი ოპოზიციური ბლოკი იქმნება. სამი პოლიტიკური სუბიექტი აკაკი ასათიანის „ტრადიციონალისტთა კავშირი“, სერგო ჯავახაძის „სამართლიანი საქართველოსთვის“და სალომე ზურაბიშვილის „საქართველოს გზა“ საარჩევნო ბლოკს ქმნიან,- ამის შესახებ „კვირას“ „ტრადიციონალისტთა კავშირის“ თავმჯდომარემ აკაკი ასათიანმა განუცხადა. ასათიანის თქმით, მოლაპარაკებები „სამართლიანი საქართველოსთვის“ და მის პარტიას შორის უკვე დასრულებულია. ახალი ბლოკის ლიდერებს მერობის საერთო კანდიდატზე ჯერ არ უმსჯელიათ. „საქართველოს გზასთან“ კი მოლაპარაკებები სრულდება. „ჯერ არ გვისაუბრია მერობის კანდიდატზე, ამიტომ ვერ დავადასტურებ, რომ ის მე ვიქნები, თუმცა არჩევნებზე ერთი კანდიდატი გვეყოლება და ვიმსჯელებთ ამის შესახებ. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, სერგო ჯავახაძის პარტიასთან დასრულებულია ეს ეტაპი, მალე დასრულდება სალომე ზურაბიშვილის პარტიასთანაც“,- განაცხადა აკაკი ასათიანმა.