ირაკლი ღარიბაშვილმა და ელგუჯა ხოკრიშვილმა 200 ძირი ნერგი დარგეს

რუსთავის ახალგაზრდობის პარკში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, 200 ძირი სწრაფად მზარდი პავლოვნიას სახეობის ნერგი დარგეს.
საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული გამწვანების პროგრამის მიხედვით, წელს ქვეყნის მასშტაბით უნდა დაირგას და გაიხაროს მინიმუმ ნახევარმა მილიონმა ნერგმა, ამიტომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა, რათა დარგვის შემდეგ მოხდეს ნარგავების მოვლა-პატრონობა.
პრემიერის ინიციატივა „მწვანე მომავალი“ მიზნად ისახავს მწვანე ნარგავების ფართობების გაზრდას, გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ჩართულობას.
აქცია მნიშვნელოვანია როგორც ეკოლოგიური, ასევე, კულტურულ-რეკრეაციული თვალსაზრისით.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ფუნქციონირებს „ცხელი ხაზი“ სატელეფონო ნომრით – 153. „ცხელ ხაზზე“ დარეკვა და გამწვანების აქციაში „მწვანე მომავალი“ ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. „ცხელი ხაზის“ ოპერატორები პროექტში ჩართვის მსურველთა მონაცემთა ერთიან ბაზას შექმნიან, რის შემდეგაც მოხდება მათი უზრუნველყოფა საჭირო რაოდენობის წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ნერგებით.
აქციაში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიული პირებსაც.
თითოეული მოქალაქის ვალია, რომ უფრო მეტად იზრუნოს გარემოზე, რათა ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მწვანე გახდეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით აქცია „მწვანე მომავალი“, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მიმდინარე წლის მარტიდან ხორციელდება.
აქციის ფარგლებში გაზაფხულზე, საქართველოს მასშტაბით 250 000 სხვადასხვა სახეობის ნერგი დაირგო, რომელიც სამინისტროს სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობაშია გამოყვანილი.
პრემიერის ინიციატივას სამინისტრო შემოდგომაზეც აქტიურად აგრძელებს. აქციაში „მწვანე მომავალი“ სამთავრობო უწყებები, ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფები არიან ჩართულები. პროექტის ფარგლებში თითოეულ მუნიციპალიტეტებს 3 500 ნერგი გადაეცემათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები