„გვსურდა, ივანიშვილის ავტორიტეტი გამოგვეყენებინა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ კოალიციაში დარჩენილიყვნენ“
„კოალიციის გაფართოებულ სხდომაზე ვცადეთ, გამოგვეყენებინა ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი და „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ კოალიციაში დარჩენა შეგვეთავაზებინა“, – აღნიშნული განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა გააკეთა.
პარლამენტის ვიცი-სპიკერის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ მმართველმა გუნდმა ალასანიას პარტიას კოალიციაში დარჩენა შესთავაზა, პარტიამ კოალიცია დატოვა. ძიძიგური საბჭოს სხდომაზე ზურაბ აბაშიძისა და ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. მისი თქმით, სხდომა ძალიან კორექტურად წარიმართა.
„არც ზურა აბაშიძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის მომხდარა არავითარი დაპირისპირება და არც სხდომის სხვა წევრებს შორის. „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გააკეთეს განცხადება კოალიციიდან გასვლაზე და მეგობრულად დაგვემშვიდობნენ. ჩვენ ვთხოვეთ ბიძინა ივანიშვილს, მონაწილეობა მიეღო სხდომაში, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილის შეკრებილი პოლიტიკური გუნდი მართავს დღეს ქვეყანას და გვსურდა, ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი გამოგვეყენებინა იმისათვის, რომ „თავისუფალ დემოკრატებს“ ისევ გაეგრძელებინათ კოალიციურ რეჟიმში თანამშრომლობა. ჩვენ მათ კოალიციაში დარჩენა შევთავაზეთ. პოლიტსაბჭოს სხდომა ძალიან კორექტურად წარიმართა, თუმცა ის მალევე დატოვეს „თავისუფალმა დემოკრატებმა“. ბატონ ბიძინას მხრიდან გუშინაც იყო მცდელობა, რომ არ მიგვეცა პოლიტიკური დატვირთვა იმ ნაბიჯებისათვის, რომელსაც პროკურატურა დგამს“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
შეგახსენებთ, რომ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გუშინ მმართველი კოალიცია და მასთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობაც დატოვეს.