საპარლამენტო უმრავლესობა ყოფილი „ნაციონალების“ დახმარებით შენარჩუნდება

„პარლამენტში უმრავლესობა შენარჩუნდება“, – აღნიშნული განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა გააკეთა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „თავისუფალი დემოკრატების“ ოპოზიციაში გადასვლის გამო წუხილი გამოთქვა, თუმცა, მისი თქმით, ამის გამო უმრავლესობა არ დაიშლება. ძიძიგურის განცხადებით, ამაში მათ 12 დამოუკიდებელი ყოფილი „ნაციონალი“ დეპუტატები დაეხმარებიან.
დეპუტატის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა ამ ადამიანებთან 2 წლის განმავლობაში ყველა პრინციპულ საკითხზე მჭიდროდ თანამშრომლობდა.
„თავისუფალი დემოკრატები“ კოალიციას ტოვებენ, თუმცა რამდენიმე მათი წარმომადგენელი კოალიციაში რჩება. უმრავლესობის შესანარჩუნებლად პარლამენტში არიან დეპუტატები, რომელთაც შეუძლიათ უმრავლესობის ფორმატის შენარჩუნებაში მიიღონ მონაწილეობა. ვწუხვარ, რომ კოლეგებმა ოპოზიციაში წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ ამით უმრავლესობა არ დაიშლება. პარლამენტში არის 12 დეპუტატი. რომლებიც არც უმრავლესობის და არც უმცირესობის წევრები არ არიან. ამ ადამიანებმა პარლამენტის შეკრებიდან ძალიან მოკლე ხანში დატოვეს „ნაციონალური მოძრაობის“ რიგები. ისინი ძალიან ღირსეული ადამიანები არიან. მათთან ჩვენ ყოველთვის ვთანამშრომლობთ. როდესაც არის საკანონმდებლო თვალსაზრისით პრინციპული საკითხები, ხშირ შემთხვევაში თანამოაზრეები ვართ. ეს არის კახაბერ ოქრიაშვილის 6- კაციანი ფრაქცია და გოჩა ენუქიძის ირგვლივ შემოკრებილი დეპუტატთა 6- კაციანი ჯგუფი. უმრავლესობის დაშლაზე საუბარი არ არის“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
შეგახსენებთ, რომ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გუშინ მმართველი კოალიცია და მასთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობაც დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები