რუსეთში საწვავის დეფიციტის ფონზე სატვირთო გადაზიდვების ღირებულება იზრდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, დიზელის საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები უკვე აისახა ლოგისტიკურ სექტორზე და განსაკუთრებით ჩინეთის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვებზე.
სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლების განცხადებით, მძღოლებს საწვავის შესავსებად რიგებში საათობით, ზოგჯერ კი მთელი დღით უწევთ ლოდინი, რის გამოც გადაზიდვების ვადები იზრდება. მათი ინფორმაციით, ზოგიერთი გადამზიდავი კომპანია 1-ლი ივლისიდან ტარიფების მინიმუმ 10%-ით გაზრდას გეგმავს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 28 ივნისს დაადასტურა, რომ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში საწვავის დეფიციტი კვლავ პრობლემად რჩება. მისი თქმით, ხელისუფლებამ საწვავის მიწოდების სტაბილიზაციისთვის სპეციალური სამუშაო ჯგუფი შექმნა.
Reuters-ის ინფორმაციით, საწვავის დეფიციტი უკრაინული დრონების მიერ ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულმა შეტევებმა გამოიწვია. რიგ რეგიონებში დაწესებულია საწვავის გაყიდვის შეზღუდვები, ხოლო ზოგიერთ ავტოგასამართ სადგურზე ფასები გაიზარდა.
ლოგისტიკური კომპანიები აცხადებენ, რომ საწვავის დეფიციტი და გაზრდილი ხარჯები უახლოეს პერიოდში გადაზიდვების ბაზარზე დამატებით ზეწოლას მოახდენს.