შავი ავაზა სტუდქალაქის სახურავზე და ჯიბით მოტანილი გაზაფხული
წარმოშობით სოხუმელი პოეტი… მის ლექსებში ხსოვნაში შემორჩენილი ძველი დრო და ამ დროში დარჩენილი ადამიანებია. სოხუმში კი თითქმის ყოველ დღე “ბრუნდება“ ისევ ისეთი კეთილი და ნათელი, რაც მასთან განშორებამდე იყო... რობერტ მესხი,- ,,პერსონაში“.
– ბატონო რობერტ, რაზე წერს დევნილობაში მყოფი შემოქმედი?
– შემოქმედი, ზოგადად, იმაზე უნდა წერდეს, რაზეც მას ეწერება, დევნილი ამ შემთხვევაში გამონაკლისი არაა. ლექსი გრძნობაა, განცდაა, იგი მოდის თემით, რიტმით, რითმით, ურითმოდ, ხშირად შემოქმედისგან დამოუკიდებლად და მისი სიტყვით განსხეულდება. ლექსის დაბადება ბავშვის დაბადებას ჰგავს, ამდენად, „რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების“…
– როგორია, თქვენს მეხსიერებაში შემორჩენილი სოხუმი, აფხაზეთი… თუ შეიძლება, აგვიწერეთ ყველაფერი, რაც ახლა თვალწინ წარმოგიდგათ...
– „შემორჩენილი“ – ახლაღა დავაკვირდი ამ სიტყვის სიმძიმესა და სევდას. რა ხშირად გვანან მეტაფორები გვერდში მდგომ სიტყვებს… აქ კი, თითქოს არც არის საჭირო „შემორჩენილის“ მეწყვილე, ისედაც გასაგებია, სამწუხაროდ!.. ყველაფერი შეინახა გულმა (თუ გონებამ, როგორც გნებავთ!) – ადამიანები შემოინახა, პირველ რიგში, ცოცხლებიც, გარდაცვლილებიც… ურთიერთობები მეგობრებთან, მეზობლებთან, რაც ასე ძვირფასი და სამაგალითო იყო ყოველთვის აფხაზეთში, სოხუმში და რასაც დღემდე თვალისჩინივით ვუფრთხილდებით. ერთადერთი, რაც სოხუმიდან ჩამომყვა (მატერიალურს ვგულისხმობ), ფოტოსურათებია – საოჯახო ფოტოები. მთელი თაობების ამსახველი, ღიმიალიანი და უდარდელი სახეების ამსახველი, ერთად ყოფნის ამსახველი… ვფურცლავთ ხოლმე მე და ჩემი მხცოვანი ბებია ალბომებს, მოვიგონებთ ყველას და ყველაფერს, სად რა ხე იდგა, სად რა ქვა ეგდო… დღემდე მასაც ჩემსავით ახსოვს და მიხარია… რომ შეფერხდება, განიცდის, ამის სახელი რატომ დამავიწყდაო… სახელი რომ გახსოვს და სითბოთი იმეორებ (თუნდაც გულში), ესე იგი, გიყვარს ის ადამიანი, ის მხარე გიყვარს, ის მიწა გიყვარს და მასთან ერთად ცხოვრობ…
– ამბავი, რომელიც თქვენი რომელიმე ლექსის დაწერის მიზეზი გახდა…
– ყველა ლექსს თავისი პატარა ისტორია აქვს, ზოგჯერ სრულიად გულუბრყვილო და ბანალური. ზოგიერთი ლექსი კი თვითონ არის ეპიზოდი, ერთი კონკრეტული სურათი ცხოვრებიდან. რადგან გაზაფხული გვიახლოვდება, „თეთრ სუმბულს“ გავიხსენებ… გაზაფხული, მოგეხსენებათ, სულ ასეთია – გაღეღილი, მოჩითული, მოგვირისტებული, შიგნიდან გარეთ გაგიხმობს, უცნობ ბილიკებზე გახეტიალებს… მეც მიყვარს ფეხით სიარული, გაზაფხულზე განსაკუთრებით, ხან ერთ ყვავილს წავეპოტინები, ხან მეორეს, მანდილოსნებს მივართმევ, თუნდაც უცხო იყოს, არა აქვს მნიშვნელობა, სახლშიც მიმაქვს და სამსახურშიც… მინდვრის ზამბახები უფრო ხშირად, იები – თავისთავად, მაგრამ სუმბული ვერაფრით მოვიხელთე, არადა, მთელი ტყე (წყნეთის ჩათვლით) ფეხით მაქვს შემოვლილი… ჰოდა, ერთი გაზაფხული მახსოვს ასეთი, როცა თეთრმა სუმბულმა სრულიად შემთხვევით ნაცნობ ბილიკთან ახლოს შემომანათა („შემომეფეთაო“, – გოგლა იყოდა) – იმ დღეს ის ყვავილიც და მის მიერ მოტანილი ლექსიც ჩემს მეუღლეს – ფიქრიას მივუძღვენი:
თეთრი სუმბული
აჩქარდა გული…
აღმართია?
რომ არ ეტყობა?!.
ჭახჭახებს შაშვი – ისიც გულის
ამოვარდნამდე.
გაზაფხულია…
სხვა სუნამოს სუნი აგდისო, –
ეჭვიანობს ცოლი ტყუილად,
უბრალოდ, ჯიბით მოვიტანე
თეთრი სუმბული.
– ქალაქი, პირველ რიგში, მასში მცხოვრები ადამიანებია. თქვენი დროის სოხუმელები გაიხსენეთ, ვინც ქალაქს შინაარსითა და სიყვარულით ავსებდა...
– რა თქმა უნდა, ასეა! ზემოთ ვისაუბრე კიდეც ამაზე, მაგრამ ისევ ვიტყვი, რომ ყველაზე ძვირფასი ჩემს ქალაქში ადამიანებს შორის ურთიერთობა იყო. ეს იყო სიყვარულით, მეგობრობით, იუმორით აღსავსე ურთიერთობა, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, მეგობრები მეგობრებად – მეზობლებიც ოჯახის წევრებივით იყვნენ და არ ჰქონდა მნიშვნელობა ეროვნებას… ერთმანეთის გატანა იცოდნენ სოხუმში ადამიანებმა. მოგვიანებით იმ ავბედითმა ომმაც დაადასტურა ეს – ერთმანეთი გადაარჩინეს აფხაზებმა და ქართველებმა, ანუ ძველმა მეგობრობამ და ურთიერთობამ მაინც თავისი გაიტანა… ომმა ბოლომდე ვერ ამოძირკვა ეს კავშირები – ახლაც ხშირად მოვიკითხავთ ერთმანეთს თანაქალაქელები – სადაც მონატრება ნამდვილია, უძლურია ენგურთან აღმართული ჯებირები და მავთულხლართები!..
– რამდენიმე წიგნის ავტორი ბრძანდებით, მოგვიყევით მათზე...
– დიახ, სულ რამდენიმე კრებული მაქვს: 2001 წელს გამოიცა პირველი კრებული „აპრილი უშენოდ“ (რედაქტორი – ოთარ მიქაძე); 2004 წელს – „წაშლილი ბაიათი“ (რედაქტორი – ვახტანგ ღლონტი); 2008 წელს – „ნიჟარები“ (რედაქტორი – მარინე ტურავა), 2010 წელს – „,მთვარე და ქუჩა“ (რედაქტორი – მარიამ წიკლაური) და შარშან, გამომცემლობა „საუნჯის“ მიერ გამოცემული „მზის რაფსოდია“ (რედაქტორი – ბადრი თევზაძე). ერთი რამეა – არცერთ მომდევნო კრებულში არ გადამაქვს ადრინდელ კრებულებში დაბეჭდილი ლექსები (არ ვიცი ჩვევაა თუ პრინციპია!)… ვფიქრობ რჩეულზეც, მაგრამ ამისთვის დრო დამჭირდება…
– თუ გაქვთ დღევანდელ სოხუმსა და სოხუმელებთან კავშირ–ურთიერთობა... სახელისა და გვარების დასახელებას, რა თქმა უნდა, არ გთხოვთ, ზოგადად მოგვიყევით...
– დღეს ურთიერთობამ მეტწილად ინტერნეტსივრცეში, სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა. მაქვს მიმოწერა ნათესავებთან და მეგობრებთან, რომლებიც ამჟამად ენგურს გაღმა ცხოვრობენ, თუმცა ამ მიმოწერას ინტენსიურს ვერ დავარქმევ. არის ლიტერატურული კავშირების აღდგენის (გააქტიურების) მცდელობებიც… სამწუხაროდ, ჩვენსა და აფხაზებს შორის მურმანის ეკალივითაა გახირული მესამე ძალა, კავკასიასა და საქართველოში ჰეგემონობისთვის დაუცხრომელი მებრძოლი. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენს ერებს ეყოფათ სიბრძნე მტრისა და მოყვრის, თეთრისა და შავის გასარჩევად!..
– ლექსი, რომელიც უცნაურ ვითარებაში დაწერეთ…
– „შავი ავაზა“ – ეს ლექსი სტუდქალაქის სახურავზე დაიწერა, ძალიან ადრე… ნამძინარევზე… ნისლიანი დილა იყო, მახსოვს, მეგობარმა წამომაგდო საწოლიდან, გინდა თუ არა სახურავზე ავიდეთო… ავედით, მერე ის კიდევ უფრო მაღლა ავიდა, ლიფტის შახტზე მიდგმულ კიბეზე და გაქრა – ვიფიქრე, აფრინდა-მეთქი… ძირს რომ ჩამოვედით, ლექსი მზად იყო. მერე ჩემმა მეორე მეგობარმა, მხატვარმა, ეს ლექსი ნახატად აქცია და მისახსოვრა… მეძვირფასება ჩემი მეგობრები, ის დღე, ეს მოგონებაც და ყველაფერი, რაც მას უკავშირდება…
– ყველას ვეკითხები: რა გზას გაივლის ადამიანი პიროვნებამდე?
– ცხოვრება საუკეთსო მასწავლებელია, მაგრამ ადამიანის ხასიათს, ბუნებას ბევრი რამ განაპირობებს… ამაზე მარტო ქართულ ლიტერატურაში (პროზასა თუ პოეზიაში) უამრავი რამ არის შექმნილი. ჩემი აზრით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახს, ოჯახურ სითბოს, გვერდში შენზე მზრუნველი და მოსიყვარულე ადამინის ყოლას… ეს ყველა ასაკში ასეა, მეტადრე – ბავშვობაში… დიდი ძალა აქვს მაგალითს – სიკეთის, სიყვარულის, ერთგულების წარმოჩენას… წელს პატრიარქმა თავის საშობაო ეპისტოლეში, სხვათა შორის, ამ თემაზეც გაამახვილა ყურადღება. მასწავლებლობა განსაკუთრებული ნიჭია, ისევე როგორც პოეზია, ან მხატვრობა… მასწავლებელი ყველა დროის პროფესიაა – ურთულესი პროფესია, როდესაც მოსწავლის სულს, შინაგან სამყაროს ეხები… ამისთვის მხოლოდ საგნის ზედმიწევნით ფლობა არ კმარა, სხვა, უფრო საკრალურ და ფაქიზ ნიუანსებშიც უნდა ერკვეოდე…
– რას ურჩევთ ადამიანს, რომელსაც იმედი თითქმის გადაეწურა?
– მე დიდი ვერაფერი მრჩეველი ვარ და, ზოგადად არ მიყვარს ხოლმე რჩევების მიცემა, თუმცა ჩემდათავად ყოველთვის მახსოვს ჩვენი ფესვის, ფერეიდნელი ქართველების ლოცვა (თუ დალოცვა) ყოველი შეხვედრისას თუ დამშვიდობებისას ღიმილით და გულით ნათქვამი – „ღმერთს ებარებოდეთ!“ ამაზე დიდი რა შეიძლება იყოს?..
– რა რჩება ადამიანისგან?
– საქმე და მადლი რჩება – ყველა ის ქვაც, რომელზეც მან ეს მადლი დაუნანებლად შემოდო! რა მადლიანი კაცი იყოო, – ასე ვიტყვით ხოლმე, როცა მოვიგონებთ… განსაკუთრებული მონატრება იციან მადლიანმა მიცვალებულებმა – თვალებიდან რომ არ გადმოდის ცრემლი და გულისგულში იღვენთება – მათთვის დანთებული სანთლებივით!..
– დაასრულეთ აზრი, ცხოვრებაში ყველაზე მთავარია…
-ცხოვრებაში ყველაზე მთავარი სიყვარულია (და, მადლობა, ღმერთს, არ ვარ ორიგინალური, როცა ასე ვფიქრობ) – განა მარტო მიწიერი ცხოვრება? – „თვით უ კ ვ დ ა ვ ე ბ ა ც არ არსებობს უსიყვარულოდ!“
– როგორ წარმოგიდგენიათ სოხუმში დაბრუნება…
– მე ყოველ დღე ვბრუნდები სოხუმში ლექსით, სიზმრებით… უფრო რეალურად, ცოცხალი ურთიერთობებით, მიმოწერით, სიყვარულით… თუ იმით დავასრულებთ, რითიც დავიწყეთ, ვიტყვი, რომ არაფერი არ იკარგება – ადამიანი ხშირად იქ არის, სადაც მისი ნატვრა, ფიქრი და გულია… ეს ყველაფერი სავსებით განსხეულებადია, მთავარია, გვჯეროდეს, გვიყვარდეს და გვსურდეს!..
თეონა გოგნიაშვილი