“პოლიციელებს, რომლებიც ქვეყნის სადარაჯოზე დგანან, მადლობას ვუხდით, მაგრამ ვინც მუნდირს შეურაცხყოფს და დანაშაულს ჩაიდენს, მის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები მყისიერად იქნება გატარებული”,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ გორში მომხდარზე განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია, ადამიანის უფლებებზე საუბარს ბედავს.
“ძალადობის შემოქმედები და ქუჩაში ასობით ადამიანის დამხვრეტები ბედავენ და სისტემურ დანაშაულებზე საუბრობენ.
ეს ხალხი ბედავს და ადამიანის უფლებებზე საუბრობს. როგორც მეგის ქარდავასგან არ გამოდნება ადამიანის უფლებების დამცველი, ისე ვერ გამოდნებიან ამ ადამიანებისგან ვერც პოლიტიკოსები. რაც შეეხება დანაშაულს, ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე და რა თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს, კანონი მათ მიმართ მკაცრი იქნება და შესაბამისი ღონისძიებები იქნება გატარებული. რა თქმა უნდა, პოლიციელებს, რომლებიც ქვეყნის სადარაჯოზე დგანან, მადლობას ვუხდით, მაგრამ ვინც მუნდირს შეურაცხყოფს და დანაშაულს ჩაიდენს, მის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები მყისიერად იქნება გატარებული“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს – პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.