მიიღებს თუ არა რუსეთი ე.წ. ხელშეკრულების აფხაზურ ვარიანტს?

  ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთთან “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმების” პროექტის საკუთარ ვარიანტში ცვლილებები შეიტანა და ის დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადაუგზავნა. აფხაზურ ვარიანტში შეცვლილია ხელშეკრულების სახელწოდება – დოკუმენტს რუსების მიერ შეთავაზებული “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთახმების” ნაცვლად “სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება” ჰქვია.
აფხაზურ ვარიანტში მოქალაქეობის შესახებ მე-14 პუნქტი მთლიანად ამოღებულია, ცვლილებებია შესული თავადაცვისა და საბაჟო სფეროებში და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამოღებულია პუნქტი რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ. გაიზიარებს და მიიღებს თუ არა რუსეთი ამ შეცვლილ ვარიანტს, ჯერ უცნობია.
ე.წ. ხელშეკრულების აფხაზურ ვარიანტზე და რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ რეაქციაზე “კვირასთან“ აფხაზეთის ავტონომიური რესბუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია საუბრობს.10744766_311296229076567_1969309766_n
გამახარია დარწმუნებულია, რომ რუსეთი “ხელშეკრულების“ შეცვლილ ვარიანტს არ გაიზიარებს და გაფორმების პროცესს გააჭიანურებს. მისივე აზრით, ამ პერიოდში რუსეთი აფხაზი ხალხის დაყოლიებას რომ ხელშეკრულების ის ვარიანტი გაფორმდეს, რაც რუსეთისთვის მისაღებია, ეკონომიკური წნეხის გამოყენებით შეეცდება.
“მას შემდეგ, რაც აქტიურად დაიწყო საუბარი დე ფაქტო აფხაზეთსა და რუსეთს შორის “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმების“ თაობაზე, აფხაზი ხალხის, მათ შორის ე.წ დეპუტატების რეაქცია იყო საკმაოდ მძაფრი და უარყოფითი, რუსეთმა იმდენი უჩიჩინა აფხაზ ხალხს, რომ ისინი არიან დამოუკიდებლები, მათ გაუჩნდათ დამოუკიდებლობის ამბიცია და ახლა, როცა რუსეთის მხრიდან ანექსიის კიდევ უფრო რეალური საფრთხე იგრძნეს, თქვეს, რომ ე.წ. ხელშეკრულების ამ ფორმით გაფორმება არ სურთ. ამის ერთ-ერთი დასტურია ის გარემოებაც, რომ აფხაზურ ვარიანტში შეცვლილია “ხელშეკრულების“ სახელწოდება – დოკუმენტს რუსების მიერ შეთავაზებული “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთახმების” ნაცვლად “სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება” ჰქვია.
კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ აფხაზური ვარიანტიდან ამოღებულია პუნქტი – რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ. ჩემი ღრმა რწმენით, რუსეთი დე ფაქტო აფხაზეთის შეთავაზებას არ მიიღებს და ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების პროცესს გააჭიანურებს. ამ პერიოდში კი დაიწყებს აფხაზ ხალხზე ეკონომიკურ ზეწოლას და დემონსტრირებას, რომ რუსეთის გარეშე მათ შიმშილის ზღვრამდე მისვლა ემუქრებათ. რა იქნება აფხაზების საპასუხო რეაქცია, ამის ზუსტი პროგნოზირება რთულია. ფაქტი ერთია, ის რასაც მათ რუსეთი სთავაზობს, არის ღია ანექსიის მცდელობა და ეს აფხაზების უმრავლესობას გააზრებული აქვს“, – განუცხადა “კვირას“ ჯემალ გამახარიამ.10744808_311298999076290_1291716802_n
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე განვითარებულ მოვლენებში დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას როლზეც საუბრობს და აცხადებს, რუსეთის გადაწყვეტილება – სწორედ ხაჯიმბა ყოფილიყო დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ნაწილობრივ აღნიშნულ ხელშეკრულების გაფორმების სურვილს უკავშირდება.
გამახარიას თქმით, რუსეთს “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმების” გაფორმების სურვილი და მცდელობა ხაჯიმბას წინამორბედი ე.წ. პრეზიდენტების დროსაც ამოძრავებდა,თუმცა ვერც ანქვაბის და ვერც ბაღაბშის დაყოლიება ვერ შეძლო. ხაჯიმბა კი როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ყველაზე პრორუსული დე ფაქტო მმართველი, მზადაა რუსეთის ყველა დირექტივა უსიტყვოდ შეასრულოს.
თუმცა გახარია აცხადებს, რომ აფხაზი ხალხის და ე.წ. პარლამენტარების რეაქცია, რომ პროექტის რუსული ვერსია მათთვის მიუღებელია, ხაჯიმბასთვის ნაწილობრივ შემაფერხებელი აღმოჩნდა.
“რუსეთი ცდილობს დე ფაქტოდ კი არა დე იურედ დაეუფლოს აფხაზეთს, ეს ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმების მცდელობები, მათ მიერ შემუშავებული ხელმოსაწერის პროექტის სახელწოდება – “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთახმებაც” ამაზე მიუთითებს. რუსეთმა ყველაზე კარგად იცის, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი არ არის, თუმცა ამ სტატუსიის ქონა ამ ეტაპზე ყველაზე მეტად მაინც მათ აწყობთ“, – აცხადებს გამახარია “კვირასთან“ საუბრისას.
არაოფიციალური ინფორმაციით, შეთანხმების აფხაზური ვარიანტი უკვე რუსეთშია გაგზავნილი.

10736102_311299125742944_1255917158_n

მარიამ ზედგინიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები