მოსკოვი და დე ფაქტო სოხუმი სამეკავშირეო დოკუმენტზე ვერ თანხმდებიან

  მოსკოვი და დე ფაქტო სოხუმი თანამშრომლობის დოკუმენტზე ვერ თანხმდებიან. ე.წ. პარლამენტში დეპუტატთა აზრი არაერთგვაროვანია. კრიტიკული განცხადება დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატმა ასლან კობახიამ და ყოფილმა ვიცე-სპიკერმა ირინა აგბამ დააფიქსირეს და რუსეთთან ხელშეკრულების ყველა პუნქტის გადახედვის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
აგბა საოკუპაციო რეჟიმის ხელისუფლების წარმომადგენლებს აფხაზეთის სუვერენიტეტის დათმობაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ პროექტს, რომლის განხილვაც მიმდანარეობს, აფხაზი ხალხი არ იმსახურებს.
„თქვენ ყველას გრცხვენიათ ამ შეთანხმების გამო, მაგრამ ამის თქმა არ შეგიძლიათ, ამაში დარწმუნებული ვარ. ეს არ არის ის შეთანხმება, რომელსაც ჩვენი ხალხი იმსახურებს. 5 მილიარდ რუბლად არ არის საჭირო აფხაზეთის გაყიდვა. სწორედ ეს არის პროექტის ფასი. მრცხვენია მაზე საუბარი, თქვენ ხალხით მანიპულირებთ. რატომ არ მიხედავთ ეკონომიკას, სად არის დაპირებული ცვლილებები და რეფორმები? თქვენ ხალხს ატყუებთ და თმობთ სუვერენიტეტს, თუმცა ამის უფლებას ის დედები არ მოგცემენ, რომლებმაც შვილები დაკარგეს“, – განაცხადა ე.წ. პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა.
სამეკავშირეო პროექტს აფხაზებისადმი უპატივცემულობის გამოხატულებად მიიჩნევს დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მოქმედი დეპუტატი ასლან კობახია. მისი თქმით, ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტების განხილვისას აუცილებლად უნდა განიხილონ ყველა ის საკითხი, რომელიც მიუღებელია აფხაზეთის მოსახლეობისთვის.
„მე კარგად მახსოვს, როგორ გვტოვებდა რუსული ჯარი 90-იან წლებში და როგორ ვრჩებოდით მოსისხლე მტერთან პირისპირ. როგორ ეხვეწებოდა დიდი ვლადისლავი, რომ არ წასულიყო რუსული ჯარი აფხაზეთიდან. დღეს კი, ყოველივე ამის შემდეგ, ჩვენ მშვიდად ვსხედვართ და რუსეთისა და აფხაზეთის თანამშრომლობის შესახებ სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავთ. ჩვენ ის დროც გვახსოვს, როდესაც ნებისმიერ არასწორ ნაბიჯს ქვეყანა შესაძლოა, კატასტროფამდე მიეყვნა. ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ მიუდგება განხილვისა და კრიტიკის პროცესს რუსული მხარე. ჩვენ გვიყურებს ხალხი, რომელიც სულს ღაფავს და თბილისში მიდის. როდესაც სახელმწიფოთა შორის შეთანხმებაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია მკაფიოდ აღვნიშნოთ ყველა ის პუნქტი, რომელიც არ მოგვწონს და ჩვენს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. როდესაც ძლიერები ვიქნებით, მაშინ შეთანხმების პირობებიც სხვანაირი იქნება “, – განაცხადა ე.წ. დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები