თურქი ბიზნესმენები სოხუმში მინისტრთა საბჭოს დამწვარი შენობის აღდგენას გეგმავენ

თურქი ბიზნესმენები სოხუმს მინისტრთა საბჭოს დამწვარი 12-სართულიანი შენობის აღდგენას სთავაზობენ. ამის შესახებ თურქმა ბიზნესმენებმა „აფხაზური მთავრობის“ ხელმძღვანელთან – ბესლან ბუტბასთან შეხვედრისას განაცხადეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბიზნესმენების შეთავაზების მიხედვით, გარემონტებულ შენობაში, შესაძლოა, საოფისე კომპლექსი გაიხსნას. ბუტბამ თურქული მხარის პროექტი სიხარულით მიიღო და განაცხადა, რომ შენობის აღდგენის შემთხვევაში „ხელისუფლება“ მზადაა, ის გააქირავოს.
შეხვედრაზე ასევე ნაგავგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის პროექტზე იყო საუბარი. ნაგავგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელმა თურქი მეწარმემ, რომელიც თურქულ ქალაქ კოჯაელის მილიონიან მოსახლეობას ემსახურება, მოყვა პროექტის შესახებ, რომელიც ნაგვის შეგროვებიდან მის გადამუშავებამდე მთელ პროცესს მოიცავს.
გარდა ამისა, ბუტბამ თურქ ინვესტორებთან სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხი განიხილა. მისი თქმით, აფხაზეთს აქვს იმის სახსრები, რომ ასაფრენი ბილიკი აღადგინოს და აეროპორტი საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყოს. „საუბარია იმაზე, რომ აეროპორტის ფუნქციონირების დარჩენილი სრული ნაწილი კომერციულ მმართველ ორგანიზაციას გადაეცეს“, – განაცხადა ბუტბამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები