სოხუმში დე ფაქტო აფხაზეთის ტელევიზიის ოპერატორს გადაღებული მასალა წაართვეს და კასეტა დაუმტვრიეს (ვიდეო)

   დე ფაქტო აფხაზეთში ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს გადაღებული მასალა წაართვეს და კასეტა დაუმტვრიეს. შემთხვევის დეტალებს ჟურნალისტებმა ვიდეოსიუჟეტი მიუძღვნეს.
„დღეს დილით მინისტრთა კაბინეტში ბომბის შესახებ ანონიმური ზარი შემოვიდა. ინფორმაცია, საბედნიეროდ, არ დადასტურდა. მინისტრთა კაბინეტის ყველა კორპუსის დათვალიერების შემდეგ თანამშრომლები საკუთარ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ და ჩვეულ რეჟიმში მუშაობა განაგრძეს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. დგინდება ზარის ავტორის ვინაობა. ჩვენი კოლეგების რეპორტაჟი უნდა მიძღვნოდა ამ ინციდენტს და დედაქალაქში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ატმოსფეროს, რომელიც რუსეთთან ახალი შეთანხმების პროექტის განხილვას მოჰყვა. დილიდან ისინი პრეზიდენტისა და პარლამენტის ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილ შეშფოთებულ ადამიანებს იღებდნენ. ამავდროულად, ხალხი პარტია „ამცახარას“ ოფისთან გროვდებოდა. ჩვენი კოლეგები ჟურნალისტის პროფესიის ძირითად პრინციპს იცავდნენ – ყველა დაინტერესებულ მხარეს აზრი გამოეთქვა.
მას შემდეგ, რაც ვეტერანების ორგანიზაციის „არუაა“-ს ერთ-ერთი ლიდერის ინტერვიუ ჩაწერეს, „ამცახარას“ მიმართეს.
ამ დროისთვის შეკრება დასრულდა და ხალხის ძირითადი მასა შემცირდა. რეპორტაჟისთვის შენობის კადრების გადაღების დროს ახალგაზრდა ადამიანების ჯგუფმა ჩვენს ოპერატორს კამერის დამტვრევის მუქარით არა მარტო გადაღების შეწყვეტა, არამედ მთელი გადაღებული მასალის წაშლა მოსთხოვა. ოპერატორს წაართვეს და დაუმტვრიეს კასეტა.
„ამცახარას“ წარმომადგენლებმა მომხდარზე კომენტარების გაკეთებაზე უარი განაცხადეს. უფრო მეტიც, მათ შორის ისეთებიც იყვნენ, რომლებიც ასეთ საქციელს ამართლებდნენ და შემდეგ ჯერზე უფრო მკაცრი ზომების გამოყენებას სთავაზობდნენ იმ ჟურნალისტების მიმართ, ვინც არასწორად იღებდა. ყველაზე მწვავე პერიოდებში – პოლიტიკური ბრძოლის, ან რესპუბლიკისთვის რთულ დროში ჟურნალისტებს ასე ჩვენთან არასოდეს ექცეოდნენ. ეს პრეცედენტია. გარდა საზოგადოებრივი რეზონანსისა, ქვეყნის მთავარი ტელეარხისა ჟურნალისტები სამართალდამცავი ორგანოების რეაქციას ელოდებიან, რომლებმაც ქვეყანაში კანონი და წესრიგი უნდა დაიცვან.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=oN6v7UFuSDk” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები