ვანო მერაბიშვილი მოსამართლეს – ნუ შემაჩვიეთ ენა
“ნუ შემაჩვიეთ ენა და შენიშვნების მოცემა. თუ უნდათ, რომ უტიაშვილი შეცდომაში შეიყვანონ, არ ვიცი, წყნარად დაუსვან შეკითხვები”,- ამ რეპლიკით ვანო მერაბიშვილმა პროცესზე მოსამართლეს მიმართა.
ვანო მერაბიშვილის გაღიზიანება შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, შოთა უტიაშვილის დაკითხვისას, ბრალდების მხარის პროკურორების შეკითხვებმა გამოიწვია, რის გამოც მოსამართლის შენიშვნა მიიღო. მან სასამართლოს მიმართა, რომ მის მიმართ მეტად კორექტული იყოს.
რაც შეეხება უტიაშვილის დაკითხვას, მან ისაუბრა 2011 წლის 26 მაისის აქციამდე განვითარებულ მოვლენებზე. რაც შეეხება უტიაშვილს, როგორც მან განაცხადა, არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ნინო ბურჯანაძის ინიცირებული აქციები შედიოდა გრუ-ს ინტერესებში.
ამასთან, უტიაშვილის თქმით, შს სამინისტროს გააჩნდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი იმყოფებოდა ვლადიკავკაზში და თავისი რაზმით საქართველოში შემოსვლას გეგმავდა, რათა ხელი შეეშალა 26 მაისის აღლუმისთვის. როგორც უტიაშვილი აცხადებს, სწორედ ამ მიზნით და ოქრუაშვილის ინტერესის შესაბამისად, ამერიკის საელჩოსთან გაიმართა საპროტესტო აქცია, რომელსაც სოზარ სუბარი და ეროსი კიწმარიშვილი ესწრებოდნენ. მისი თქმით, იგეგმებოდა ქუჩის გადაკეტვა, რათა ოქრუაშვილი თავისი რაზმით ქალაქში შემოსულიყო. შოთა უტიაშვილის შეფასებით, სწორედ “დაგეგმილი პროვოკაციის შესახებ მიღებული ინფორმაციის შემდეგ შს სამინისტროში შეიქმნა სპეციალური შტაბი 26 მაისის აქციის დაშლასთან დაკავშირებით. უტიაშვილმა აქციის დაშლის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, დაშლის დასაწყისში ვანო მერაბიშვილი იმყოფებოდა მიტინგის ტერიტორიაზე, თუმცა მალევე დატოვა.