“ქართული სული სრულად მხოლოდ ქართულ ენაში ცოცხლობს; სწორედ ამიტომ, დაიცავით, დაეუფლეთ, განავითარეთ და “დაიმარხეთ” ენა ქართული” – პაპუაშვილი

“ბოლო ორი საუკუნე იყო პატარა ენების დასუსტებისა და გაქრობის ეპოქა – გლობალიზაციამ გააძლიერა ძლიერები და დაასუსტა სუსტები”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დედაენის დღესთან დაკავშირებით, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, ქართველი ერი ამ პროცესს დაუპირისპირდა შეგნებულად, მიზანმიმართულად და გადაარჩინა თავისი ენა.

“შემდეგ დადგა 1978 წლის 14 აპრილი. ერთი შეხედვით ტექნიკური ცვლილება, ერთი ჩანაწერის შესწორება, რომელიც საბჭოთა კავშირის ყველა სხვა რესპუბლიკამ უხმოდ მიიღო.

ნაცვლად მანამდე მოქმედი 1937 წლის კონსტიტუციით გათვალისწინებული დებულებისა, რომლის მიხედვითაც საქართველოში ქართული ენა სახელმწიფო ენად იყო აღიარებული, კონსტიტუციის ახალი რედაქციის 75-ე მუხლი რესპუბლიკის ყველა მოქალაქისთვის მხოლოდ “მშობლიური ენის გამოყენებას” უზრუნველყოფდა, ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსს კი აუქმებდა.

რამდენიმე დღის წინ ჩვენ მორიგ ჯერზე აღვნიშნეთ 9 აპრილი, რომელიც უკავშირდება 1989 და 1991 წლებს. ერთი თვით ადრე ჩვენ გავიხსენეთ 70 წლისთავი 9 მარტისა, როდესაც ასობით ადამიანი დაიღუპა თბილისის საპროტესტო გამოსვლებისას. დღეს კი ვიხსენებთ 1978 წლის 14 აპრილს.

ეს მოვლენები, მიუხედავად განსხვავებული შინაარსისა და ფორმისა, იყო ერთი და იმავე სულის გამოვლინება – თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის წყურვილის, იმ ეროვნული ენერგიისა და ღირსებისა, რომელსაც ქართველი ხალხი ყველა ეპოქაში ატარებდა, ინახავდა და არასოდეს თმობდა.

და სწორედ ასე, 14 აპრილსაც, ქართველმა ხალხმა მტკიცედ უთხრა “არა” გარე ძალის თავსმოხვეულ ნებას. ეს იყო მკაფიო გზავნილი: ქართველმა შეიძლება ბევრი სიძნელე აიტანოს, მაგრამ საკუთარ იდენტობაზე ხელის ხლებას ის არასდროს შეეგუება.

სწორედ ენაა ის მთავარი კოდი, რომლითაც ჩვენ ვარჩევთ ჩვენსას და უცხოს, შინაურს და გარეულს. ენა არ არის მხოლოდ გრამატიკა ან ლინგვისტური სისტემა. ენა არის შინაარსი, კონტექსტი, ისტორია, ხასიათი, მეხსიერება, მთელი თავისი სიღრმით.

ქართული სული სრულად მხოლოდ ქართულ ენაში ცოცხლობს.

სწორედ ამიტომ, დაიცავით, დაეუფლეთ, განავითარეთ და “დაიმარხეთ” ენა ქართული.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღეს”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები